მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინიმალურ მარჟაზე ვმუშაობთ, ინტერნეტის გაიაფება შეუძლებელია – ასოციაცია

საქრთ

მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარის, უჩა სეთურის განცხადებით, საქართველოში არსებული ინტერნეტი არც ძვირია და არც ცუდი ხარისხის.

„საზოგადოებაში არის ნარატივი, თითქოს საქართველოში ინტერნეტი ძალიან ძვირი ან ცუდი ხარისხის იყოს, რაც ასე ნამდვილად არ არის. ფიზიკური პირების შემთხვევაში, საქართველოში ინტერნეტის ფასები უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკის, კანადის ან მექსიკის შემთხვევაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება სააქციო ფასების, ანუ სპეციალური შეთავაზებების შედარება სტანდარტულ ფასებთან. უნდა შევადაროთ სტანდარტული ერთეულის ფასები და დასკვნები ასე გამოვიტანოთ“, - განაცხადა უჩა სეთურმა.

TECH INFORM-ის ეთერში მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ მოგების მარჟაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტერნეტის ფასების უფრო მეტად შემცირება ასოციაციის წევრებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია.

„მცირე და საშუალო ოპერატორები ერთგვარ ზღვარზე ვმუშაობთ, ანუ ჩვენი მოგების მარჟა არის ისეთი მინიმალური, როგორიც საჭიროა ბაზარზე დასარჩენად და კონკურენციის გასაწევად. ჩვენი მოგება იმდენად მიზერულია, რომ ამაზე უფრო დაბალი ფასებით ოპერირება ჩვენთვის უბრალოდ შეუძლებელი იქნება.

რაც შეეხება კორპორაციული კლიენტების მომსახურების საკითხს, ამ შემთხვევაში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ინტერნეტის ფასებს შორის ასეთი სხვაობა და ამ სულისკვეთებას, გარკვეულწილად, მეც ვიზიარებ. მესმის, რომ ფიზიკურ პირსა და კორპორაციულ კლიენტს შორის ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია, მაგრამ ინტერნეტის ფასებს შორის სხვაობა იმდენად დიდია, რომ ეს კითხვები ბუნებრივად იბადება. იმედი მაქვს, რომ მარეგულირებელი კომისიის ჩარევით მალე ამ საკითხსაც გაეცემა პასუხი“, - ამბობს უჩა სეთური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები