უახლოეს 2 წელში მინიმუმ 4000 კაცის დასაქმების სიმძლავრის შექმნას ვგეგმავთ ყოველწლიურად, - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის შესახებ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, კერძო სექტორთან კომუნიკაცია უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე კერძო-საჯარო თანამშრომლობით მშენებლობის მიმართულებით პირველი კოლეჯი დაფუძნდება, თუმცა რომელ კომპანია გეგმავს სახელმწიფოსთვის პარტნიორობას არ დაუკონკრეტებია.
„შემიძლია გითხრათ, რომ ეს კომუნიკაცია დიდი ხანია დაწყებულია. 15 ნოემბერი ფორმალურ თარიღად დასახელდა, თუმცა სამუშაო ველი უკვე გახსნილია, იმ მიმართულებების მიხედვით, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადად და პრიორიტეტულად მივიჩნიეთ, ასეთი 7-8 არის, რომელიც ჩვენს პრეზენტაციაში წარმოვადგინეთ. ერთ-ერთი სამშენებლო მიმართულებით პროექტი უკვე არის. იმედი მაქვს, წლის ბოლომდე დასრულდება და ყველა ერთობლივად ვიხილავთ. დაფუძნდება კერძო-საჯარო პარტნიორობით ახალი კოლეჯი, რომელშიც თანაინვესტირება იქნება როგორც სახელმწიფოსი, ასევე კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების. საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოდის.
კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით. წელს ამისთვის მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ მომდევნო წლის ბიუჯეტში ეს საკითხი მოაზრებული გვაქვს. წელს დარჩენილ წელიწადნახევარს გამოვიყენებთ, რომ დავაიდენტიფიციროთ და გავცხრილოთ ის შეთავაზებები, რაც კერძო სექტორიდან მოდის და ახალი წლის შემდგომ უფრო აქტიურად დავიწყოთ განხორციელებაზე მუშაობა და არა გეგმარების პროცესი. ყველა მიმართულება განიხილება. შეთავაზებებია ახალი კოლეჯების დაფუძნებაზე, ასევე, არსებულების გაფართოებაზე. ბევრი და საინტერესო წინადადებაა დამსაქმებლების ბაზაზე მოკლევადიანი გადამზადების პროგრამების შექმნაზე. უახლოეს 2 წელში მინიმუმ 4000 კაცის დასაქმების სიმძლავრის შექმნას ვგეგმავთ ყოველწლიურად“, - განაცხადა ამილახვარმა.
რომელ კომპანიასთან პარტნიორობით შეიქმნება პროფგანათლების ახალი ხედვის ფარგლებში პირველი კოლეჯი - ამ კითხვით BM.GE-მ განათლების სამინისტროს მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.