მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მინის მწმენდში წყლის ჩასხმა მძღოლმა ისედაც უნდა იცოდეს" - რა იცვლება მართვის მოწმობის გამოცდებში?

მართვის მოწმობის გამოცდა რუსთავი

2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან მართვის უფლების მისაღებ გამოცდაში ცვლილებები შევიდა. მართვის მოწმობის აღების მსურველმა მანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებაც უნდა იცოდეს. მოქალაქეებმა თეორიულად - 15, პრაქტიკულად კი - 5 კითხვას უნდა გასცენ პასუხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პირი, რომელიც დავალებას თავს ვერ გაართმევს, ეს მსუბუქ შეცდომად ჩაეთვლება და მისი გამოცდიდან დისკვალიფიკაცია არ მოხდება.

გამოცდაში ცვლილებებს BM.GE-სთან აფასებენ ავტოსკოლების წარმომადგენლებიც. ავტოსკოლა „არტ დრაივის“ დამფუძნებელი თვლის, რომ აღნიშნული ცვლილება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაში აუცილებელი იყო, რადგან საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერმა მძღოლმა უნდა შეძლოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება.

„ის, რისი ცოდნაც მძღოლს გამოცდაზე ავტომობილის ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით მოეთხოვება - ელემენტარულია. მაგალითად, ის თუ როგორ უნდა ჩაისხას წყალი მინის მწმენდში -  ეს მძღოლმა ისედაც უნდა იცოდეს. ლიცენზირებულ ავტოსკოლებში მანქანის აგებულება ისედაც ისწავლება, შესაბამისად, გამოცდაზე ახალი ვალდებულება სირთულეს არ წარმოადგენს“ - აღნიშნავს გიორგი ბერიშვილი.

მართვის უფლების მისაღები გამოცდა ცვლილებებით ტარდება იმ პირებისთვისაც, რომლებსაც "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღება სურთ. მათთვის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა და მას შემდეგ, რაც ისინი გამოცდას მოედანზე წარმატებით ჩააბარებენ, უკვე რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გადაინაცვლებენ.

„არტ დრაივის“ დამფუძნებელი თვლის, რომ ამასთან ადაპტირება ავტოსკოლებისთვის მარტივი არ იქნება. მისი განმარტებით, რთულად წარმოსადგენია, საცობების პირობებში როგორ შეძლებენ ამ ზომის სატრანსპორტო საშუალებების ქალაქში გაყვანას და მათთვის პრაქტიკული გაკვეთილების ჩატარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები