ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოში გაზრდილი რეპრესიები განიხილეს.
"მინისტრებმა ასევე განიხილეს გაზრდილი რეპრესიები საქართველოში, მათ შორის თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე. მზად ვართ, განვიხილოთ დამატებითი შემზღუდავი ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია [ძალადობაზე]", - თქვა კალასმა.
დღეს, 23 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებული მდგომარეობაც განიხილეს. კალასმა შეხვედრის დაწყებამდე თქვა, რომ საქართველო სწორ გზაზე არ მიდის. "კვლავ მაგიდაზე იქნება სანქციების საკითხი იმ ადამიანების, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ",- თქვა მან.




























