ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სავსებით შესაძლებელია გაორმაგდეს ვაქცინაციის ჩასატარებლად კლინიკებისთვის გამოყოფილი თანხები. როგორც ხუციშვილმა პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება სამუშაო ჯგუფის ფორმატში უკვე მიღებულია.
შედეგად, ერთი ადამიანის Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადი აცრისთვის სამედიცინო დაწესებულებები 5 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ. აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით კი, თანხების გაორმაგება საჭიროა, რამდენადაც ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა დამატებითი სერვისების მიღების საჭიროება, როგორიცაა პირველადი სამედიცინო დახმარება.
ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ვაქცინაცია არამხოლოდ ჯანდაცვის, არამედ ეკონომიკის პრიორიტეტიც არის, ამიტომ ამ მიმართულებით თანხების გამოყოფა არ შეფერხდება.
“სავსებით შესაძლებელია ამ თანხის გაორმაგება, რადგან ვაქცინაცია არის პრიორიტეტი, არამხოლოდ ჯანდაცვის კუთხით, არამედ ეკონომიკის კუთხითაც, რამდენადაც ვაქცინაცია არის ეკონომიკის უპირველესი წამალი.
იმედი გვაქვს, ვაქცინაციის დღიური მაჩვენებელი, რომელიც დღეს უკვე 6 ათასია, გაიზრდება და ზაფხულის პერიოდი ამისთვის იქნება გამოყენებული”,- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
მისივე თქმით, ვაქცინების შეძენისთვის თანხის მობილიზების პრობლემა დღის წესრიგში არასოდეს დამდგარა. ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ვაქცინებისთვის გამოყოფილია იმდენი თანხა, რამდენი ვაქცინის ყიდვის შესაძლებლობაც ქვეყანას აქვს.
“ვაქცინიაციის არცერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი პრობლემა არ ყოფილა. რა თანხაც არ უნდა იყოს საჭირო, ამ თანხის მობილიზების პრობლემა არ არსებობს”,- ამბობს ლაშა ხუციშვილი.




























