მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მოტივაცია კლინიკებისთვის“ - ბრიგადებს ორჯერად აცრაში 5 ლარის ნაცვლად 10 ლარს გადაუხდიან

60bf2e735e2eb
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.21 13:00
682
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან დედაქალაქში ამცრელი კაბინეტები გადატვირთულია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ bm.ge-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ვაქცინაციის კაბინეტების დამატება აუცილებელია, რადგან ჩვენ სხვაგვარად მასიური ვაქცინაციის პროგრამას ვერ განვახორციელებთ. თბილისში ვაქცინაციის კაბინეტები ძალიან დატვირთულია, შედარებით ნაკლები დატვირთვაა რეგიონებში, თბილისშიც ემატება და ასევ მიდის აქტიური მუშაობა მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების დამატებაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

bm.ge-ის კითხვაზე - დედაქალაქში აცრის კაბინეტების დამატებას ხომ არ აფერხებს ანაზღაურების ის მოცულობა, რომელსაც სახელმწიფო ამცრელ ბრიგადებს/კლინიკებს თითო ადამიანის ორჯერადად აცრაში უხდის, რაც 5 ლარია, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის უწყება ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ამცრელი ბრიგადების ანაზღაურების გაზრდაზეც მუშაობს.

„პროგრამის დანერგვისას, ანაზღაურება 1 ვაქცინაზე - 2-ჯერადად, 5 ლარით განისაზღვრა. მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის მიმართ დამატებითი მოთხოვნები გაჩნდა, მათ შორის გადაუდებელი სერვისის გაწევის და მონიტორინგის აუცილებლობა, ეს ღირებულება გადაფასდა და ახლა ჩვენ ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან დამატებითი რესურსის მობილიზებისთვის, რათა მეტი მოტივაცია შევუქმნათ კლინიკებს. სავარაუდოდ, ანაზღაურება გაორმაგდება, მაგრამ ამ დეტალებზე ვმუშაობთ და დამატებით დაზუსტებული პასუხი გვექნება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამავე თემაზე კითხვა bm.ge-მ NCDC-ის ხელმძღვანელსაც დაუსვა. ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ორჯერადი აცრის ღირებულება 5-დან 10 ლარამდე გაიზრდება.

„მიღწეულია ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება და თუ დღეს ორჯერადი აცრის ღირებულება 5 ლარია, ის ორჯერ გაიზრდება და ამ ეტაპზე 10 ლარი გახდება. შემდეგ ვნახოთ“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის: ამცრელი ბრიგადების დაბალ ანაზღაურებაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ გადაცემა Forbes Health-ში ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედპერსონალისთვის, რომელიც ვაქცინაციის პროცესშია ჩართული, ანაზღაურების გაზრდა მნიშვნელოვანია. 

„ამცრელ ბრიგადებს ორ აცრაში 5 ლარს ვუხდით“ - ამირან გამყრელიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები