მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრი ჰესების კუთხით არსებულ ნეგატიურ განწყობებს ჰიბრიდული ომით და პროპაგანდით ხსნის

61bb599e65012
ინგა მურუსიძე
16.12.21 19:27
537
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას უსმენენ. სხდომაზე რამდენიმე დეპუტატი ენერგეტიკის სექტორში არსებული გამოწვევით დაინტერესდა და მინისტრს ჰკითხა, თუ რა კეთდება ამ დარგში, რამდენი პროექტია გაჩერებული და რამდენი მიმდინარეობს.

„ეს დარგი არის ურთულესი, ჰესებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება წლების მანძილზე ყალიბდებოდა, გარკვეული როლი აქ ჰიბრიდულმა ომმა და პროპაგანდამაც შეასრულა, რადგან ჩვენი მთავარი სტრატეგიული ინტერესი არის საკუთარი ენერგეტიკა განვავითაროთ და ეს შეიძლება, ბევრს არ მოსწონს ჩვენი ქვეყნის გარეთ არსებულ, არცთუ ისე მეგობრულად განწყობილ ძალებს“, - უპასუხა თურნავამ დეპუტატებს.

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მინისტრის ინფორმაციით, დღეისთვის კვლევის ეტაპზეა 105 პროექტი, ჯამში, ეს არის 1068 მეგავატი სიმძლავრე; ასევე 48 პროექტი გადასულია სამშენებლო ეტაპზე, რაც დამატებით 1076 მეგავატია. გარდა ამისა, ნათია თურნავას თქმით, ქარის და მზის 9 პროექტი არის მზად და საუბარია, ჯამში, 600 მეგავატ სიმძლავრეზე.

რაც შეეხება მისი მინისტრობის პერიოდში გაფორმებულ მემორანდუმებს, ნათია თურნავას თქმით, 2019-2021 წლებში 74 მემორანდუმი გაფორმდა და ეს არის 1000-მდე მეგვატი სიმძლავრე.

„იშვიათად ვიყენებ ამ შედარებას, რომ წინა ხელისუფლების დროს 140 მეგავატამდე სიმძლავრე იყო შექმნილი, დანარჩენი არის საბჭოთა პერიოდში შექმნილი სიმლავრეები, ხოლო ჩვენს პერიოდში კვლევის ეტაპზეა და მშენებლობა მიმდინარეობს 2000 მეგავატზე მეტ სიმძლავრეზე. სხვადასხვა პროექტში სხვადასხვა სირთულეა, ტემპი ზოგან არადამაკმაყოფილებელია, ზოგან მაღალი, აქ წერტილოვნად ვეხმარებით.

პრობლემა ყველგან სხვადასხვაა, ზოგან ეს არის მოსახლეობა, ზოგან საჭიროება დამატებითი გარემოსდაცვითი კვლევის და ა.შ. ყველაზე დიდი გამოწვევა კი არის ის, რომ ინვესტორი უფრო მეტად ჩავრთოთ მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ამ ბოლო დროს გააქტიურდნენ ადგილობრივი თითმმართველობების წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულები და იმედი გვაქვს, რომ ბევრი პრობლემა დაიძლევა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები