ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალს ხელფასები შეუნარჩუნდება. ამის შესახებ მან საავადმყოფოს თანამშრომლების პროტესტის კომენტირებისას განაცხადა.
„ვფიქრობ, მომდევნო კვირას გვექნება დეტალური პრეზენტაცია, სადაც დეტალურად ავხსნით თუ რას ვაპირებთ ქვეყნისთვის საუკეთესო ჯანდაცვის სისტემის და ხარისხის მისაღწევად რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მიმართებით. ასევე, სამედიცინო პერსონალს რაც შეეხება, ვადასტურებ, რომ არცერთი სამედიცინო პერსონალი და არცერთი თანამშრომელი არ დარჩება სამსახურის გარეშე. ბრძანება არ ეხება სამედიცინო პერსონალს, ეს ეხება ადმინისტრაციას, კარგი იქნება, თუ ამ ორს ერთმანეთისგან გავარჩევთ.
რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს სამსახურიდან ადამიანების გაშვებას. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, არანაირი პრობლემა დასაქმების და ანაზღაურების კუთხით, არ შეექმნებათ“, - განაცხადა აზარაშვილმა.
კითხვაზე, შეხვდება თუ არა მედპერსონალს, მინისტრმა უპასუხა, რომ შეხვდება.
„შევხვდები. მომდევნო კვირას იქნება დეტალური ინფორმაცია, სადაც დეტალებს გავაცნობთ. ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. დასამალი არაფერი გვაქვს“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.
ზურაბ აზარაშვილის თქმით, მედპერსონალი გადანაწილდება სხვადასხვა კლინიკებში იგივე ანაზღაურებით იგივე პოზიციებზე, ხოლო ვინც ვერ დასაქმდება, ხელფასს ჩვეულებრივ აიღებს.
გარდა ამისა, მინისტრმა განმარტა, რომ საავადმყოფოს ნაწილის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. „კლინიკის შედარებით ახალ ნაწილს დავტოვებთ მხოლოდ, სადაც ექიმების ნაწილი და ადმინისტრაცია განთავსდება. რესპუბლიკური საავადმყოფო არსად არ გადადის და მედპერსონალს სამსახურიდან არ ვუშვებთ“, - ამბობს მინისტრი.