რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი ნინო ოთარიშვილი ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, ნებისმიერი რეფორმის გატარებამდე ან გადაწყვეტილების მიღებამდე კომუნიკაცია სამედიცინო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან გაიაროს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი, რომელიც აქტიურად აპროტესტებდა ზურაბ აზარაშვილის უწყების გადაწყვეტილებას, ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელებს სამედიცინო საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს.
"ხისტი გადაწყვეტილებების დრო ნამდვილად წავიდა“ - ამბობს ნინო ოთარიშვილი და მაგალითად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება მოჰყავს, რომლის თანახმად, რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობა ახლის აშენებამდე არ დაინგრევა და რეორგანიზაციაც შეჩერდა.
- წარმოუდგენელია ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ასე სწრაფად და დინამიკურად იცვლება სამედიცინო სფეროში მოთხოვნები და ახალი გამოწვევები ჩნდება. კოვიდპანდემიანაც გვაჩვენა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სისტემის მობილურობას და ყველა რეფორმა სამედიცინო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან უნდა იყოს გავლილი, სხვა შემთხვევაში, წარმატება ვერ მიიღწევა. სწორედ ეს კომუნიკაცია აკლია ჯანდაცვის სამინისტროს დღეს. ხისტი გადაწყვეტილებების დრო ნამდვილად წავიდა. მაგალითად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „დაინგრა“ რესპუბლიკური საავადმყოფო, რადგან სულ გვესმოდა, რომ უნდა დანგრეულიყო და ინფრასტრუქტურა არ გაუმჯობესებულა, თანამშრომლების ნაწილიც წავიდა, შედეგად კი, სამედიცინო სერვისები შემცირდა, რომელიც პაციენტებს დააკლდა; ახლა კი, როცა კომუნიკაცია შედგა და ჩვენი ხმა გაიგო პრემიერ-მინისტრმა <ირაკლი კობახიძემ>, ისევ გვიწევს თანხის დახარჯვა და სამედიცინო რესურსის შემოკრება.
- რა სჭირდება საქართველოს ჯანდაცვის სისტემას განვითარებისთვის?
- ორიენტირება პაციენტზე, ექიმსა და თანამედროვე ტენქოლოგიების დანერგვაზე.
- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?
- ხისტ და ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.