24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის და ექიმების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ეს პრობლემის იმ გზით გადაწყვეტაა, როცა ყველა მხარე კმაყოფილია.
BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსს ნინო ოთარიშვილის გადაცემის ავტორმა და წამყვანმა ჰკითხა - რა ბედი ელით თანამშრომლებს, რომლებმაც სამინისტროსთან შეთანხმებას ხელი მოაწერეს და კომპენსაციის თანხაც უკვე მიღებული აქვთ.
"350-ზე მეტი ადამიანია, რომელმაც შეთავაზების პაკეტს ხელი მოაწერა და დაეთანხმა. აქედან, 250 დასაქმებული ადმინისტრაციის წარმომადგენელია. ასევე, გასათვალისწინებელია ტექნიკური პერსონალი, რომელიც ასევე დაითანხმეს. იყო ფორსირებული პროცესი და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ ეს შენობა მაინც უნდა დაინგრეს და ამ თანხას რატომ კარგავთო?! ამ ეტაპზე სარჩელი ისევ სასამართლოშია და ეს ბრძანებულება შეჩერდება, სანამ ეს მოხდებოდა ეუბნებოდნენ, რომ დროზე მოეწერათ ხელი. ჩვენთვის კი, აბსოლუტურად გაუგებარი იყო, როცა გამოცხადდა კლინიკის რეორგანიზაცია და მუშაობა უნდა გაეჩერებინა მის ყველა ერთეულს, რეალურად ეს იყო ლიკვიდაცია და თანამშრომლების დათხოვნა, რატომ უნდა დაგვეწერა, რომ ჩვენი სურვილით ვწყვეტდით კონტრაქტს? მხოლოდ ამის შემდეგ გვქონდა უფლება, აგვერჩია შეთავაზების ახალი პაკეტი. 167 ექიმისთვის, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოშია დასაქმებული ეს აღმოჩნდა აბსოლუტურად მიუღებელი. მხოლოდ ერთეულებმა მოაწერეს ხელი.
ჩვენ შეხვედრაზეც ვისაუბრეთ ამაზე, ამის შემდეგაც. ბევრ მათგანს სურს დაბრუნდეს და იმუშაოს. 350 ადამიანიდან, რომლებმაც განცხადება დაწერეს, ბევრ ადამიანს არ აქვს აღებული კომპენსაცია. პრემიერმაც რამდენიმე დღე ითხოვ, რომ ეს სიტუაცია დალაგდეს და დიდი იმედი გვაქვს, რომ საშუალო და უმცროსი მედპერსონალი უკან დაგვიბრუნდება", - განაცხადა ოთარიშვილმა.
BMG ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ გადაწყვეტილების დეტალები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.