რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური სამსახურის უფროსი ნინო ოთარიშვილი, მიიჩნევს, რომ პრემიერი ნადვილად მიხვდა და გაიგო, რომ ექიმებს საკითხის მიმართ სახელმწიფოებრივი მიდგომა ჰქონდათ და გადაწყვეტილებაც მათ სასიკეთოდ ამიტომ მიიღო.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას, მათ პრემიერს დაწვრილებით გააცნეს ყველა არგუმენტი, რაც აქამდეც არაერთხელ უთქვამთ.
- უცნაურია, რომ ეს არგუმენტები აქამდე ჯანდაცვის სამინისტროს არ ესმოდა...
- არ ესმოდა. როცა ჩვენ პრემიერს შევხვდით, ახალი არაფერი გვითქვამს ისეთი, რაც აქამდე არ გვქონდა ნათქვამი. პრემიერს დაწვრილებით და ლოგიკურად მოვახსენეთ ჩვენი აზრი, ვაჩვენეთ დასკვნები. ჩვენი მთავარი არგუმენტი ყოველთვის იყო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ამ წუთას რეორგანიზაციის და ფუნქციონირების შეწყვეტის პირობებში სახელმწიფო, მინიმუმ, 4 წლის განმავლობაში რჩებოდა მთავარი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკის გარეშე. სახელმწიფო კლინიკის, რომელიც ყოველთვის ჯანდაცვის სისტემის სტაბილიზაციას უზრუნველყოფდა.
ვფიქრობ პრემიერმა რეალურად და საღად შეაფასა ის პრობლემა, რაც შეიძლება დამდგარიყო რესპუბლიკურის დახურვის პირობებში. მან ნამდვილად მოისმინა და გაიაზრა ის პრობლემები და არგუმენტები, რომელიც ვუთხარით. ძალიან ბედნიერი ვარ რომ შევძელით ჩვენი ხმა მიგვეწვდინა ადამიანისთვის, რომელმაც ეს ნამდვილად გაიგო. მან დაინახა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიდგომა რომ ჩვენ არ ვიყავით ექიმები რომლებიც მხოლოდ ჩვენი სამუშაო ადგილისთვის ვიბრძოდით.
ცნობისთვის: 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის და ექიმების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. პრემიერმა თქვა, რომ ეს პრობლემის იმ გზით გადაწყვეტაა, როცა ყველა მხარე კმაყოფილია. ამასთან, პრემიერი არ გამორიცხავს რომ რესპუბლიკურის გარკვეული ტერიტორია საინვესტიციოდ იქნას გამოყენებული. შეხვედრას 24 თებერვალს, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილიც ესწრებოდა.