მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესპუბლიკურის მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს"

ირაკლი კობახიძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დღეს, გადაწყდა რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. პრემიერმა განმარტა, რომ 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. 3 წლის თავზე კი ახალი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ახალ შენობაში.

ამასთან, პრემიერი არ გამორიცხავს რომ რესპუბლიკურის გარკვეული ტერიტორია საინვესტიციოდ იქნას გამოყენებული.

"უკანა ტერიტორიაზე იგეგმებოდა ახალი საავადმყოფოს მშენებლობა. დაიგეგმება შესაბამისი პროცესი და წინადადებები ამ მიმართულებით მომზადდება, რომ უკანა ტერიტორიაზე განხორციელდეს საავადმყოფოს მშენებლობა ხოლო წინა ტერიტორია გამოყენებული იქნეს საინვესტიციო მიზნებისთვის, რაც ზუსტად შეესაბამება იმ შემოთავაზებას, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს ჰქონდათ", - განაცხადა მან.

კითხვას, რა იგულისხმება საინვესტიციო მიზნებში, კობახიძემ თქვა, რომ საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე, მაგრამ ეს რა ფორმით განხორციელდება, კონკრეტულ პირობებზე იქნება დამოკიდებული.

"საავადმყოფოს შენობა ძალიან ძვირი ჯდება, სახელმწიფოს ინტერესებშია, კერძო სექტორი შეეხიდოს ახალი საავადმყოფოს მშენებლობას, სწორედ ამის გამო იმიჯნება მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია რესპუბლიკური საავადმყოფო. მიწის ნაკვეთის გარკვეული ნაწილი დაიტვირთება საინვესტიციო მიზნებისთვის, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, რათა ჭარბი ტვირთი არ დაწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ვერ გეტყვით, რა საინვესტიციო პროექტი შეიძლება განხორციელდეს, მე გპირდებით, რომ მაქსიმალურად ოპტიმალური ვარიანტი იქნება შეთავაზებული ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, მაქსიმალურად რაციონალურად დაიტვირთება ის სივრცე, რომელზეც საუბარი გვაქვს. საუბარია შესაბამისი ტერიტორიის პრივატიზებაზე, თუ როგორ განხორციელდება უშუალოდ, რა ფორმით, ეს იქნება კონკრეტულ პირობებზე დამოკიდებული“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები