სრულიად მოულოდნელად, საუბარი პოზიტიურად ჩვენთვის სასარგებლოდ წარიმართა. რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება არსებულ ლოკაციაზე და მუშაობას გააგრძელებს იქამდე, ვიდრე ახალი შენობა აშენდება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების უფროსმა, ნინო ოთარიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მათ მთავრობის წარმომადგენლებთან მიტანილი ჰქონდათ დოკუმენტაციები, რითაც ამყარებდნენ თავიანთ პოზიციებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის შესახებ ბრძანება გაუქმებულიყო.
„ძალიან მომზადებული ვიყავით არგუმენტაციის გასამყარებლად, მოტანილი გვქონდა აბსოლუტურად ყველა ექსპერტიზა და დოკუმენტი, რომელიც ჩვენ არგუმენტაციას გაამყარებდა. სრულიად მოულოდნელად საუბარი წარიმართა ძალიან პოზიტიურად, ჩვენთვის ძალიან სასარგებლო შედეგით. ჩვენი არგუმენტის ძალიან დიდი ნაწილი იქნა გათვალისწინებული, გადაწყდა, რომ ერთადერთი მრავალპროფილური კლინიკა თბილისში, რესპუბლიკური საავადმყოფო დარჩება იმ ლოკაციაზე, რომელზეც არის და მუშაობას გააგრძელებს სანამ აშენდება უკანა მხარეს, ეზოში, როგორც ეს იყო 2007 წლის პროექტით გათვალისწინებული. როდესაც ახალი შენობა აშენდება, რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი გადავა ახალ შენობაში. რა თქმა უნდა, ახალი პერსონალის დამატების საჭიროება იქნება. წინა ეზო, რომელიც დასანგრევად იყო განწირული უკვე საინვესტიციო მიზნებისთვის გამოვა”, - განაცხადა ნინო ოთარიშვილმა.
განცხადება გააკეთა, რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა კახი ხუციშვილმაც.
„თუ შემდგომში ტერიტორიის ნაწილი გამოყენებული იქნება რაიმე საინვესტიციო გეგმებისთვის, ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგები იქნება და ჩვენ წინააღმდეგობას ამაზე არ გავწევთ, პირიქით, ჩვენი ერთ-ერთი ვერსია იყო ასეთი და არც ველოდით, რომ ამ ვერსიას ასე კარგად მიიღებდნენ. რაც შეეხება თანამშრომლებს, რაღაც ნაწილს, ვისაც ხელი ჰქონდათ მოწერილი კომპენსაციაზე ის ჩაერიცხათ. იქნებიან ადამიანები, ვისაც აღარ უნდათ იქ მუშაობა და დატოვებენ კოლექტივს, და ვისაც ამის სურვილი ექნება უკან დაბრუნდება, ამას არავინ არ შეეწინააღმდეგება. შენობის მდგრადობის საკითხზე ვიტყვი, რომ ამჟამად საუბარი არ ყოფილა, თუმცა ფასადი ნამდვილად ავარიული იყო. ამ ფასადმა გამოიწვია პროცესების დაჩქარება. შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მიდგომა და განწყობა არის ისეთი, რომ გაუმჯობესება მოხდეს იმ პირობებისა, რა პირობებშიც არის რესპუბლიკური საავადმყოფო და შემდგომში, როდესაც აშენდება ახალი მსოფლიო სტანდარტების საავადმყოფო, რაც ყველასთვის გასახარია, გავაგრძელებთ იქ მუშაობას და რაც მთავარია, რესპუბლიკურის მომსახურება არ მოაკლდება არც ქალაქს, არც ქვეყანას და არც ერთ პაციენტს“,- განაცხადა კახი ხუციშვილმა.
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებს დღეს მეორედ შეხვდა. გადაწყდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. მისი განმარტებით, უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. 3 წლის თავზე კი სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ახალ შენობაში. ამასთან, პრემიერი არ გამორიცხავს რომ რესპუბლიკურის გარკვეული ტერიტორია საინვესტიციოდ იქნას გამოყენებული.