საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული მაღალი დონის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველო–აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვის მზადყოფნასა და სტრატეგიული პარტნიორობის განახლების მნიშვნელობას.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები და საქართველოსთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. ამერიკულმა მხარემ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უპირობო მხარდაჭერა.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპულ და ევრაზიის საქმეთა ბიუროს ხელმძღვანელის ბრენდან ჰანრაჰანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გუშინ სახდეპმაც გაავრცელა.



























