განათლების მინისტრის განცხადებით, შრომის ბაზრის კვლევაში ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი მონაწილეობდა. უფრო კონკრეტულად, გივი მიქანაძის მტკიცებით, კვლევის პროცესში საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იყო ჩართული. ის ამბობს, რომ ბიზნესასოციაციის ეგიდით შეხვედრა შედგა, თუმცა ვერ აკონკრეტებს კვლევის პროცესში რომელი ბიზნესები იყვნენ ჩართულები და აღნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ექნება.
უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობის განცხადებით, სწორედ შრომის ბაზრის კვლევის შედეგებს დაეფუძნა უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტების განაწილება, რაც „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის“ პრინციპით მოხდა. თუმცა თავად კვლევის შედეგები ჯერ საჯარო არ არის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-მ მინისტრს კვლევის შედეგების შესახებ რამდენიმე კითხვა დაუსვა:
- ეკონომიკის სამინისტროს რომელმა დეპარტამენტმა ჩაატარა შრომის ბაზრის კვლევა? ხომ არ იყო ეს კვლევა სამინისტროს დაკვეთა, ვინ იყო მასში ჩართული და ჰქონდა თუ არა უწყებას ამ მასშტაბის კვლევის ჩატარების კომპეტენცია?
- ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენცია საკმაოდ მაღალია, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ თვალსაჩინო და მთელი მსოფლიოსთვის შესაშური ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შესაბამისად, მინდა დაგარწმუნოთ, კომპეტენცია სრულადაა. ჩაატარა თავად ეკონომიკის სამინისტრომ, მე რამდენადაც ვიცი, შიდა რესურსით, ამასთან პროცესში ჩართული იყო განათლების სამინისტრო და კერძო სექტორი.
იცით, რომ პრემიერმა ეკონომიკის მინისტრთან და ჩემთან ერთად სპეციალური შეხვედრა ჩაატარა ბიზნესსექტორთან, როდესაც კონცეფცია გასაჯაროვდა. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ცალსახად დააფიქსირეს ამ რეფორმის მნიშვნელობა და აუცილებლობა, გამოთქვეს გულისტკივილი, რომ ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივ დონეზე დაიქირავონ შესაბამისი კვალიფიკაციის სპეციალისტები და ცალსახად თქვეს, რომ ამ პროცესის განხორციელებაში მათ ჩართულობის სრული მზაობა აქვთ. მინდა ეკონომიკის სამინისტროს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული მადლობა გადავუხადო, რადგან ეს არის ძალიან დიდი კომპლექსური მუშაობის შედეგი...
- ახსენეთ, რომ კერძო სექტორის ჩართულობით ჩატარდა კვლევა - შეგიძლიათ დაგვისახელოთ დარგობრივი ასოციაცია, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა?
- საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
- საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ამ სიღრმისეულ კვლევაში მონაწილეობას იღებდა?
- შეხვედრა შედგა. სამუშაო შეხვედრა სწორედ ბიზნესასოციაციის ეგიდით იყო, იყვნენ მსხვილი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ამ ასოციაციის წევრები. კონკრეტულად ვინ მონაწილეობდა - ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, თუ ეკონომიკის სამინისტროს მიმართავთ, ამის თაობაზე ინფორმაციას მიიღებთ. კონკრეტულად რომელი ბიზნესის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ბიზნეს ასოციაციის წევრი ბიზნესმენები და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რომ იღებდნენ მონაწილეობას, ეს ვიცი.
განათლების მინისტრის პასუხების მოსმენის შემდეგ BM.GE-მ კითხვებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციასაც მიმართა. ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შრომის ბაზრის კვლევის პროცესში, რამდენიმე შეხვედრის ფარგლებში, კომუნიკაცია ჰქონდათ შესაბამის უწყებებთან. თვითონ BAG-ის კვლევა არ ჩაუტარებია.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო კვალიფიკაციებს, რომელზედაც მეტი მოთხოვნაა ეკონომიკის ამა თუ იმ სექტორში. ზოგადად, ბიზნესი, რასაკვირველია, დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური კადრი და პროფესიონალი გვყავდეს ქვეყანაში“, - აცხადებენ ასოციაციაში.




























