მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის თქმით, ბანკების მოგების გადასახადის გაზრდა “თავისუფლების აქტს” არ არღვევს

638dffb108f00
შოთა ტყეშელაშვილი
05.12.22 18:35
1808
მთავრობამ დღეს საბანკო სექტორისთვის მოგების გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. აქამდე ბანკების მიერ მიღებული მოგება 15%-ის განაკვეთით იბეგრებოდა, ეს განაკვეთი 2023 წლიდან 20%-მდე გაიზრდება.

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეს ერთადერთი ცვლილება არ იქნება დ ამასთანავე, ბანკებისთვის დივიდენდის გადასახადი, რაც აქამდე 5% იყო, განულდება. საუბარია მოგების იმ ნაწილზე, რომელზეც გატანის შემთხვევაში შემთხვევაში იბეგრება.

ლაშა ხუციშვილის თქმით, იმის გამო, რომ ამ ნაწილში ერთი გადასახადი 5 პროცენტული პუნქტით იზრდება, მეორე კი ამდენივეთი მცირდება, “თავისუფლების აქტის” მოთხოვნა არ ირღვევა.

საქართველოში საერთო საყოველთაო გადასახადების საკითხი ორგანული კანონით არის რეგულირებული. ამ კანონს ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი (“თავისუფლების აქტი”) ჰქვია და მისი მიხედვით, საერთო გადასახადების ზღვრული დონის გაზრდა მთავრობას მხოლოდ რეფერენდუმის პირობებში შეუძლია. თუმცა 3-წლიანი ვადით მაინც დასაშვებია რეფერენდუმის გარეშე გადასახადების ზრდა.

ლაშა ხუციშვილის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის მიხედვით კი, გადასახადის ზედა ზღვარის აწევა არ ხდება. თუმცა, გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ის რომ დივიდენდი არის მოგების მხოლოდ ნაწილი და ის კონკრეტული პერიოდის განმავლობაში ბანკმა შეიძლება არც გასცეს, ხოლო მოგების გადასახადი ეხება მთლიანად მოგების სახით მიღებულ თანხას.

ამის დანახვა მაგალითითაც შეიძლება.

დავუშვათ ბანკის მოგებაა 100 მილიონი ლარი:

• წარსულში ორგანიზაცია იხდიდა 15 მილიონის მოგების გადასახადს, ხოლო 85 მილიონი კი მისი წმინდა მოგება იყო;
• 2023-დან ბანკი გადაიხდის 20 მილიონის მოგების გადასახადს, ხოლო 80 მილიონი კი წმინდა მოგება იქნება.
• თუკი წარსულში ბანკი ამ 85 მილიონის წმინდა მოგებიდან 50 მილიონს გასცემდა დივიდენდად, დივიდენდის გადასახადში იხდიდა 2.5 მილიონ ლარს;
• 2023-დან ბანკი იგივე 50 მილიონის დივიდენდის გაცემისას აღარ გადაიხდის ამ 1 მილიონ ლარს, თუმცა, სანაცვლოდ მისი წმინდა მოგება ახლა არის 80 მილიონი, ნაცვლად 85 მილიონისა.

შესაბამისად, მთლიანობაში წარმოდგენილი ცვლილება მაინც საგადასახადო ტვირთის მატებას ნიშნავს.

ფინანსთა მინისტრის განმარტება:

“5%-იანი დივიდენდის გადასახადი ნულდება და სანაცვლოდ 15%-იანი მოგების გადასახადი გახდება 20%. ანუ დივიდენდის გადასახადი გადავა მოგების გადასახადში. ეს იქნება 2023 წლიდან. ეს გავლენას არ მოახდენს 2023 წლის შემოსავლებზე, თუმცა შესაძლოა გავლენა მოახდინოს 2024 წლის შემოსავლებზე, მას შემდეგ რაც დასრულდება 2023 წლის კალენდარული წელი და შესაბამისი მოგების გადასახდა მოხდება 2024 წელს.

ორი გადასახადის გაერთიანებით ხდება განაკვეთის იგივე ოდენობაზე შენარჩუნება. 5%-იანი გადასახადი, რომელიც დივიდენდზე არის ნულდება, ხოლო 15%-იანი მოგების გადასახადი ხდება 20%. შესაბამისად, ამ ნაწილში ეკ. თავისუფლების აქტის მოქმედება არ იწყება,”- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები