საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ბულგარეთი, რუმინეთი და პოლონეთი იყვნენ დღევანდელი საქართველოს მსგავს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მაშინ როდესაც ევროკავშირში გაწევრიანდნენ. ამასთან, ფინანსთა მინისტრი აცხადებს რომ დღეს საქართველო შემოსავლიანობის დონით ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ზეა, ხოლო 2027 წლისთვის ის შემოსავლიანობის 45%-ს მიაღწევს.
“2024 წელს, ჩვენი შემოსავლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41%-ს შეადგენს, ხოლო 2027 წლისათვის 45 პროცენტამდე იზრდება. თუ ჩვენ გადავავლებთ თვალს ევროკავშირში ბოლო გაწევრიანებული ქვეყნების მონაცემებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირის რიგ ქვეყნებს, მათ შორის, ბულგარეთს, პოლონეთს, უნგრეთს, რუმინეთს, გაწევრიანების მომენტში, დაახლოებით, მსგავსი მაჩვენებლები ჰქონდათ“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მიერ დასახელებული ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ. მაშინ რუმინეთის მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 8,273 დოლარს შეადგენდა, ხოლო ბულგარეთის 5,815 დოლარს. შედარებისთვის, 2023 წელს საქართველოში მშპ ერთ მოსახლეზე 8,121 დოლარზე არის პროგნოზირებული. ამჟამად კი ბულგარეთის მშპ ერთ მოსახლეზე საქართველოზე ორჯერ მაღალია 16,086 დოლარს შეადგენს, ხოლო
რაც შეეხებათ პოლონეთსა და უნგრეთს, ისინი EU-ს წევრი 2004 წელს გახდნენ, ამ წელს უნგრეთის მშპ ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 10,291 დოლარი იყო, ხოლო პოლონეთის მშპ ერთ მოსახლეზე 6,684 დოლარი. შედარებისთვის, ამჟამად უნგრეთში ეს მაჩვენებელი 21,075-ია, პოლონეთში კი 22,393 დოლარი.
ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველო სახელმწიფო ვალის დონით, ასევე ბიუჯეტის დეფიციტით EU-ს წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის კარგ პოზიციებს იკავებს.
„თუ შევხედავთ ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ვნახავთ, რომ საქართველოს არამარტო მათ საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი პოზიცია აქვს, არამედ მთელი რიგი მიმართულებებით მოწინავე პოზიციაზეა. ეკონომიკური ზრდის ტემპით, საქართველო პირველ ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით - საქართველო მე-3 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის, მთავრობის ვალის სიმცირის მიხედვით - საქართველო მე-10 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 26 ქვეყანას, ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირის მიხედვით - საქართველო მე-16 ადგილზეა ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის და უსწრებს 20 ქვეყანას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.