საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
მიზეზი ევროკომისიის მიერ ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად, „ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, სამი წლის განმავლობაში მისაღები 121 მლნ (360 მილიონი ლარი) ევროს ფინანსური დახმარება შეჩერდა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ BM.GE-სთვის გამოგზავნილი წერილობითი პასუხიდან ირკვევა, რომ ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტის სახით, წელს ევროკავშირიდან 100 მლნ ლარი უნდა ჩარიცხულიყო, საიდანაც 60 მლნ ქვეყანამ უკვე მიიღო.
„საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ბიუჯეტის შემოსულობებში, ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმებების და ვალდებულებების ფარგლებში (ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტი) გათვალისწინებული იყო 100 მლნ ლარის მიღება, რის ფარგლებშიც, მიმდინარე მდგომარეობით, შესრულება შეადგენს 61 მლნ ლარს. ევროკავშირთან არსებული მოქმედი საბიუჯეტო დახმარებების ფარგლებში (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD IV); ევროკავშირი ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარებისთვის; EU4 მდგრადი მმართველობა და მოქნილობა; და უნარების განვითარება და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა), შესრულებული რეფორმების შესაბამისად, მიმდინარე წლის დეკემბერში მისაღები თანხა შეადგენს, დაახლოებით, 21 მლნ ევროს, რაც შეფერხდება, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმების ფარგლებში დაგეგმილი ვალდებულებები პრაქტიკულად შესრულებულია.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საბიუჯეტო დახმარებების ჩამორიცხვა ხორციელდება წინასწარ შეთანხმებული რეფორმების წარმატებით განხორციელების შემდგომ და აღნიშნული რესურსი არ არის მიბმული კონკრეტული პროექტების დაფინანსებაზე და ჩამორიცხვის შემთხვევაში მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საერთო კალათაში. რაც შეეხება მომდევნო წლების საპროგნოზო მაჩვენებლების ოდენობებს და მიმართულებებს, მათი კონკრეტული მოცულობა და მიზნობრიობა ამ ეტაპისთვის წინასწარ შეთანხმებული არ არის“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც BMG-მ მიიღო.
BMG-მ ფინანსთა სამინისტროს ასევე გაუგზავნა კითხვები სხვა დონორებიდან მისაღები შეფერხებული ფინანსური დახმარებების მოცულობის და მიზნობრიობის შესახებ, თუმცა ლაშა ხუციშვილის უწყებამ შესაბამის ორგანიზაციებში გადაგვამისამართა, რადგან ფინანსური დახმარებების უშუალო ადრესატი სახელმწიფო ბიუჯეტი არ იყო.
BMG: 2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ზე მეტის დახმარებას აჩერებს. გთხოვთ, დეტალურად - სექტორების და (საინვესტიციო) პროექტების მიხედვით მოგვწეროთ, რას უნდა მოხმარებოდა აღნიშნული თანხა.
ფინანსთა სამინისტრო: რაც შეეხება, აშშ-დან მისაღებ დახმარებას, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გამოყოფილი რესურსები, ჩარჩო შეთანხმებით გათვალისწინებულ მიმართულებებზე ნაწილდება და იმართება თავად ამერიკული მხარის მიერ და საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით ამერიკის შეერთებული შტატების წყაროებიდან ბიუჯეტის შემოსულობებში ფულადი რესურსების მიღება გათვალისწინებული არ არის.
BMG: 2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ დანიამ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა შეაჩერა – ბიუჯეტი 28 მლნ ლარი იყო. გთხოვთ, დეტალურად მოგვწეროთ,კონკრეტულად რას უნდა მოხმარებოდა აღნიშნული თანხა. ასევე, 2024 წლის ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ შვედეთის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს. Sweden Herald-ის ცნობით, საქართველოსთვის, წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი კრონი იყო გამოყოფილი, მათ შორის წელს 25 მილიონი ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის არის გამოყოფილი. გთხოვთ, ასევე, დეტალურად მოგვწეროთ, კონკრეტულად რას უნდა მოხმარებოდა აღნიშნული თანხა.
ფინანსთა სამინისტრო: დანიის მიერ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში და შვედეთის მთავრობის მიერ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის გამოყოფილი დახმარებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ შესაბამის დონორ და მიმღებ უწყებებს, ვინაიდან, აღნიშნული რესურსი არ მიიღება სახელმწიფო ბიუჯეტის მიერ ფულადი სახსრების სახით საბიუჯეტო დახმარების ან საინვესტიციო პროექტების დაფინანსების სახით.