მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მინისტრის თქმით, მედიკამენტების იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადა განახევრდება

61f126d03a835
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.22 18:26
875
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღიარებითი რეჟიმის მქონე ქვეყნიდან მედიკამენტების იმპორტისთვის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას 7 დღემდე შემცირდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პარლამენტში ვიზიტისას განუცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ რეგისტრაციის ვადის შემცირება თურქეთიდან წამლების იმპორტს დააჩქარებს, თუმცა როდის შევა ცვლილება კანონში, არ დაუკონკრეტებია. მან ასევე აღნიშნა, რომ უწყებაში პირველი განაცხადები თურქეთიდან წამლების შემოტანის შესახებ მომდევნო კვირიდან შევა.

„თურქეთის ბაზარს რაც შეეხება, ის იმ ქვეყნების სიაში შევიდა, ვისთანაც მედიკამენტების იმპორტის აღიარებითი რეჟიმი გვაქვს და ბაზარი გაიხსნა. გვქონდა შეხვედრები ფარმაცევტულ კომპანიებთან, იმპორტიორებთან. მომდევნო კვირიდან სამინისტროში თურქული წარმოების მედიკამენტების რეგისტრაციის კუთხით განაცხადები შემოვა. აქვე აღვნიშნავ, რომ ვამცირებთ აღიარებითი რეჟიმის ქვეყნიდან იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას. ეს ვადა პანდემიის პერიოდში 45 დღემდე იყო გაზრდილი და 7 სამუშაო დღემდე შემცირდება, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად ვუპასუხოთ ყველა იმ განმცხადებელს და მაქსიმალურად ოპერატიულად შეძლონ მედიკამენტების შემოტანა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში დაშვებულია მედიკამენტების აღიარებითი რეჟიმით იმპორტი, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციისას სარეგისტრაციო დოკუმენტების მოთხოვნებთან შესაბამისობას არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს, თუმცა ვადები ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გამოცემული 322-ე დადგენილების მე-19 მუხლის შედეგად დამატებით 30 კალენდარული დღით 45 დღემდე გახანგრძლივდა.

ამდენად, მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება გულისხმობს იმას, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში აღიარებითი რეჟიმის ქვეყნებიდან მედიკამენტების შემოტანის შესახებ შესული განცხადებების განხილვის კანონით დადგენილი ვადა განახევრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები