მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მინისტრის ვარაუდით, კლინიკებს მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა 45 დღემდე შეუმცირდება

სარჯველაძე
24.10.24 15:01
304

ჯანდაცვის პროგრამების მონაწილე კლინიკებისთვის, მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადა მცირდება. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, ცვლილებები სექტორთან თანამშრომლობისა და მუდმივი კომუნიკაციის საფუძველზე ხორციელდება.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 60 სამუშაო დღე გახლავთ განსაზღვრული პერიოდი, როდესაც ინსპექტირება უნდა განხორციელდეს, კლინიკების მიერ მოწოდებული ანგარიშგებისა. სამინისტროს აქვს გეგმა, რომ ეს პროცესი გახდეს კიდევ უფრო ხანმოკლე, ამისთვის არსებობს გარკვეული ოპტიმიზაციის გეგმა და არსებობს შესაძლებლობა, რომ ვადა კიდევ უფრო შემცირდეს. ჩვენი ვარაუდით, პირველ ეტაპზე, ეს პერიოდი დაყვანადი იქნება - 45 დღემდე. შევეცდებით ეს ასე იყოს. უახლოეს დღეებში, აღნიშნულთან დაკავშირებით, მეტ დეტალს შეიტყობთ“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა, კიდევ ერთ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულებები, კოვიდ პანდემიის პერიოდში დაკისრებული ჯარიმებისგან განთავისუფლდებიან.

"ჩვენ, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოვუსმინოთ კლინიკებს და ვეცადოთ, რომ ყველა ისეთი მოთხოვნა, რომელიც შეიძლება იყოს დაკმაყოფილებადი, გაზიარებული, მხედველობაში მიღებულ იქნეს ხელისუფლების მხრიდან. ამის დემონსტრირება გახლავთ, ამ შემთხვევაში, ეს ინიციატივა. გარკვეული ნაწილის და ესაა 20% გადახდის შემთხვევაში, კლინიკებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ მოიპოვონ შეღავათი. ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობა იქნება თვითონ კლინიკებისთვის, რომ მეტად იყვნენ ორიენტირებული პაციენტის უფლებებზე და პაციენტის უსაფრთხოებაზე, უკეთესი ხარისხის სერვისის მიწოდებაზე. უმჯობესია, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობები ხმარდებოდეს პაციენტის უფლებებს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები