"მირჩევნია, საფრანგეთში ნაგვის მანქანაზე ვიმუშაო, ვიდრე - რუსულ სახელმწიფოში თანამდებობაზე", - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებს განუცხადა.
ინდუსტრიის წარმომადგენელთა ნაწილი დღეს ტექნოპარკთან შეიკრიბა. საპროტესტო აქციის მიზანი GITA-ს ხელმძღვანელთან შეხვედრა და მათგან ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მკაფიო პოზიციის მოსმენა იყო. შეხვედრაზე, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, სტარტაპერები საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევას და რუსეთთან დაახლოებას აპროტესტებდნენ.
ავთანდილ კასრაძის განცხადებით, იგი არ ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთს უახლოვდება და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარება პოლიტიკურ აქტორებს შორის გაუმართავი დიალოგის შედეგია.
"სადაც საჭიროა, იქ ვიბრძვით, ყოველთვის ვიბრძოლებთ ევროპისთვის, ყოველთვის ვიბრძოლებთ ამერიკისთვის და, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვფიქრობ, რომ რუსეთისკენ მივდივართ, მირჩევნია, რომ თუ საქმე საქმეზე მიდგება, ერთი წამითაც რომ მქონდეს იმის რწმენა, რომ მივდივართ რუსეთისკენ, არც თანამდებობა მჭირდება, მირჩევნია საფრანგეთში, სადმე სოფელში ნაგვის მანქანაზე ვიმუშაო, ვიდრე რუსულ სახელმწიფოში ვიყო რამე კუთხით ინტეგრირებული.
რუსეთი არის ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი, ეს გზა არის კატეგორიულად მიუღებელი. ახლა ვართ ძალიან რთულ პირობებში, სადაც პოლიტიკური აქტორები არ სხდებიან ერთმანეთთან სალაპარაკოდ და ჩემს ოჯახის წევრებს და მეგობრებს ქუჩაში დგომა უწევთ, იმიტომ რომ ვერ შეთანხმდნენ კომპრომისზე აქტორები", - განაცხადა GITA-ს თავმჯდომარემ.