მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა" - პრემიერი ამილახვარს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის

გიორგი ამილახვარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გიორგი ამილახვარს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობას უხდის.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, მინისტრის პოზიციაზე გიორგი ამილახვრის საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა.

მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობაზე ნაყოფიერი მუშაობისთვის.

მინისტრის პოზიციაზე მისი საქმიანობის პერიოდში სამინისტრომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა. გიორგის მიერ თანამდებობის დატოვება არის მნიშვნელოვანი დანაკლისი საქართველოს მთავრობისთვის და მთლიანად, მმართველი გუნდისთვის.

შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა, თუმცა, რასაკვირველია, ამ გადაწყვეტილებას პატივისცემით ვეკიდებით. გიორგი ამილახვარს ვუსურვებ წარმატებებს კერძო სექტორში, სადაც ის პოლიტიკური საქმიანობის დაწყებამდე ძალიან დიდი წარმატებით საქმიანობდა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ გიორგი ამილახვარმა დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პრემიერთან და გუნდის სხვა წევრებთან ერთობლივად მიიღო და კერძო სექტორში ბრუნდება.

გიორგი ამილახვარმა განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი 2023 წლის მარტში შეცვალა. ის თანამდებობაზე მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარი დაკავებულ პოსტს 1.5 წლის განმავლობაში იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები