„მისკუზი“ გორგოლაჭების შემსწავლელ სკოლას ხსნის, სადაც სწავლება 26 თებერვლიდან დაიწყება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ ბრენდის თანადამფუძნებელმა, მარიამ ქემოკლიძემ განაცხადა.
„იდეა გაჩნდა მომხმარებლებს მხრიდან, რადგან მათი დიდი სურვილი იყო ამ სპორტის სახეობას დაუფლებოდა. სწავლა „მისკუზის“ სკოლაში უკვე ორშაბათიდან დაიწყება, ხოლო მოსწავლეების ჯგუფები კატეგორიებად გვყავს დაყოფილი, იმის მიხედვით, თუ რა დონეზე არიან მოსწავლეები.“ - განაცხადა მარიამ ქემოკლიზემ.
„მისკუზიში“ სწავლის პროცესი ერთ თვიანია. გაკვეთილებს პროფესიონალი და გამოცდილი ტრენერი გაუძღვება. კურსები „მისკუზის“ სკოლაში არის 4 და 8 გაკვეთილიანი, ფასებიც შესაბამისად, 120 და 200 ლარია. საფასურში გორგოლაჭების ღირებულება არ არის გათვალისწინებული, რომლის ღირებულება ქირაობის შემთხვევაში დამატებით 40 ლარია.
„შეიქმნა მოსწავლეების ორი ჯგუფი. ერთი ჯგუფი შედგება იმ ადამიანებისგან, ვისაც არანაირი გამოცდილება არ აქვს გორგოლაჭებით სარგებლობის, ხოლო მეორე ჯგუფი საბაზისო ცოდნას ფლობს. ამ ეტაპისთვის სულ 12 ადამიანი ემზადება სკოლაში სწავლის დასაწყებად“, - აღნიშნა მარიამ ქემოკლიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში „მისკუზის“ ბრენდით ეკომეგობრული, ფერადი გორგოლაჭების წარმოება 2022 წლის 30 აპრილიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, თვეში 100-მდე გორგოლაჭი იწარმოება. „მისკუზის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამით ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებენ და იმპორტირებულ პროდუქციასაც კონკურენციას უწევენ.