მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მისო-ების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი განახევრებულია - ნინო დევდარიანი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის ნინო დევდარიანის განცხადებით, მესამე კვარტალში მისო-ების საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი განახევრებულია. ამის შესახებ დარგის წარმომადგენელმა გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.

მისი თქმით, საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია პირველ ორ კვარტალშიც იყო, რაც მესამე კვარტალში გაგრძელდა.

„მესამე კვარტალშიც არ არის ისეთი აქტიური, წინა წლის სამ კვარტალს თუ შევადარებთ. საკრედიტო პორტფელის ზრდის ტემპი, წინა წელთან მიმართებით, ფაქტობრივად განახევრებულია. ვფიქრობ, ზუსტად ახლაა ის პერიოდი, როდესაც ლიბერალიზაცია გარკვეულ სექტორებში ხელს შეუწყობს სექტორს, რომ შედარებით მაღალი ზრდის ტემპს დაუბრუნდეს. 6%-იანი ზრდა იყო პირველ ორ კვარტალში და მესამე კვარტალშიც განსხვავებულ შედეგს არ ველით, მაშინ როდესაც წინა წელი 16%-იანი ზრდით დავასრულეთ“, - ამბობს გაერთიანების თავმჯდომარე.

კითხვაზე - არის თუ არა მიზეზი ის რომ გაზრდილ მომხმარებელს მისო-ები ვეღარ ემსახურებიან, ნინო დევდარიანი პასუხობს: „მიზეზი შეიძლება ესეც იყოს, რადგან საბანკო სექტორსაც რომ გადავხედოთ, მათთვის ეს პერიოდი არ იყო ცუდი და საბანკო სექტორის ზომიდან გამომდინარე. იმის გათვალისწინებით რომ იქაც დაკრედიტების ტემპი შენელებულია, უნდა ვიმედოვნოთ, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლიდან გამომდინარე შენელებული ტემპი ნელ-ნელა მატებას დაიწყებს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვან მატებასაც არ ველით“, - განმარტავს დევდარიანი.

ნინო დევდარიანი, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის რისკების დირექტორია. ის კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ MBC წელს 6-დან 10%-მდე ზრდით დაასრულებს.

„მოგებიანობა წინა წელთან მიმართებით მცირედით დაბალია, მაგალითად კაპიტალზე უკუგება თუ წინა წელს 18%-ს აჭარბებდა, წელს 16%-იანია. სხვა მაჩვენებელი, ისეთი როგორიცაა სექტორში რისკიანობის მაჩვენებელი, ის კლებადია, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტფელი ჯანსაღდება. სტრუქტურის კუთხით ხშირად გვესმის პოლემიკა, ლომბარდებზე კლასიფიცირებული სესხების წილი მნიშვნელოვანია და დაახლოებით 50%-ს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ძირითადი ზრდა სამომხმარებლო და სალომბარდე ტიპის პორტფელის ზრდაზე მოდის“, - განმარტავს MBC-ის რისკების დირექტორი ნინო დევდარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები