მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მისო ევროკრედიტმა პირველი ობლიგაციები განათავსა

მისო ევროკრედიტმა პირველი ობლიგაციები განათავსა
05.12.23 10:33
508

მიკროსაფინანსო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მოთამაშე სს „მისო ევრო კრედიტმა“ 10 მილიონი დოლარის ოდენობის ფასიანი ქაღალდის გამოშვება, 2023 წლის 1 დეკემბრიდან დაიწყო.

2023 წლის 28 ნოემბერს ნოემბერს, „საქართველოს ეროვნული ბანკის“ მიერ საბოლოო პროსპექტის დამტკიცების შემდეგ, სს „მისო ევრო კრედიტმა“ ათი მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საინაუგურაციო სავალო ფასიანი ქაღალდის (ე.წ. „ობლიგაციის“) ემისია დაიწყო. ფასიანი ქაღალდის ემისია განხორციელდება საჯარო განთავსების გზით 2023 წლის 1 დეკემბრიდან და მიზანმიმართული იქნება საცალო და კორპორაციულ ინვესტორებზე. ტრანზაქციის ამოცანაა კომპანიისთვის ალტერნატიული დაფინანსების მოზიდვა.

ფასიანი ქაღალდის ემისიის განთავსების აგენტი არის შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“, ტრანზაქციის იურიდიული მრჩეველი: შპს „იურიდიული ფირმა ბიელსი“, ხოლო გადახდისა და კალკულაციის აგენტი: სს „პაშა ბანკი საქართველო“.

„ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება მნიშვნელოვანია რისკების მართვის კუთხით, გარდა ამისა ის ეფექტური საშუალებაა საჭირო კაპიტალის უზრუნველსაყოფად. ფასიანი ქაღალდების ემისიაზე მუშაობა ერთი წლის წინ დავიწყეთ ამ პროცესში „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ დაგვეხმარა.

ჩვენი კომპანიის ისტორიაში ეს მნიშვნელოვანი საფეხურია, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური სტაბილურობის კუთხით დაგვეხმარება, არამედ ოპერაციული თვალსაზრისითაც გაზრდის კომპანიის მოქნილობას.“ - აცხადებს მისო ევრო კრედიტის ფინანსური დირექტორი ირაკლი გურგენიძე.

„აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს კომპანიის პირველ ემისიას საქართველოს კაპიტალის ბაზარზე. სს „მისო ევრო კრედიტი“ მისკროსაფინანსო სექტორის უკვე მე-4 წარმომადგენელი კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაფინანსებას მოიძიებს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების მეშვეობით. მისასალმებელია კომპანია „მისო ევრო კრედიტის“ სულისკვეთება ალტერნატიული გზით უზრუნველყოს ბიზნესის ზრდის დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ჩვენი აზრით, ხელს შეუწყობს მიკროსაფინანსო სექტორში ფონდირების დივერსიფიკაციის გაღრმავებას და შესაბამისად სექტორის სტაბილურობას. იმედი გვაქვს, რომ კომპანიას დასახული მიზნის მისაღწევად, ინვესტორების აქტივობაც მაღალი იქნება. მადლობა სს „მისო ევრო კრედიტის“ მენეჯმენტს, სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერებს, სექტორისა და საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის. და ბოლოს, აღნიშნული ტრანზაქცია წარმოადგენს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“, როგორც კაპიტალის ბაზრის დამოუკიდებელი მოთამაშის, ფინანსურ სექტორში პირველ საჯარო ფასიანი ქაღალდის ტრანზაქციას. როგორც დამოუკიდებელი მოთამაშე ბაზარზე, ვიმედოვნებთ რომ კიდევ ბევრი საინტერესო ტრანზაქციითა და ახალი ემიტენტების ბაზარზე შემოყვანით შევუწყობთ კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს“ - განაცხადა ირაკლი ელაშვილმა, შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ მმართველმა პარტნიორმა.

„მისო ევრო კრედიტი“ საქართველოს ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის მსხვილ ქალაქებში 11 ფილიალით არის წარმოდგენილი. როგორც კომპანიაში აცხადებენ, უახლოეს მომავალში ქსელის გაფართოების კუთხითაც იქნება სიახლეები. კომპანია მომხმარებელს ავტო და ბიზნეს სესხებს სთავაზობს.

შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორის“ ძირითადი საქმიანობა მოიცავს საინვესტიციო საბანკო და საკონსულტაციო მომსახურებას ფასიანი ქაღალდების განთავსების თაობაზე და კორპორატიული ფინანსების მიმართულებით სხვადასხვა ფინანსური რჩევების მიცემას კომპანიებისათვის და ინვესტორებისათვის. „ალფა კაპიტალი ედვაიზორის“ მიზანია აქტიური წვლილი შეიტანოს საქართველოს, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში, ხელი შეუწყოს კომპანიებს დაფინანსების დივერსიფიცირებასა და შერწყმით, შესყიდვითა ან გასხვისებით დამატებითი ღირებულების შექმნაში.

ტრანზაქციის ძირითადი პარამეტრები შემდეგია:

ემიტენტი

სს „მისო ევრო კრედიტი“ (ს/ნ 404919102)

ემისიის ფორმა

საჯარო შეთავაზება

ლისტინგი

ფასიანი ქაღალდი გამიზნულია დაილისტოს „საქართველოს საფონდო ბირჟაზე“

შეთავაზებული ფასიანი ქაღალდი

არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაცია

ემისიის მოცულობა

10,000,000 (ათი მილიონი) აშშ დოლარი

მინიმალური ინვესტიციის მოცულობა

50,000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი

ობლიგაციების ემისიის თარიღი

1 დეკემბერი 2023

ვადიანობა, ძირის გადახდის თარიღი

4 წელი, ობლიგაციები ვადამოსული ხდება 2027 წლის 1 დეკემბერს

წლიური კუპონის განაკვეთი

9.50%

პროცენტის გადახდა

ნახევარწლიური

გამოსყიდვის ოფცია

24 თვის შემდეგ სრულად, ობლიგაციების ნომინალური ღირებულების 102.5%-ად

ინვესტორების ტიპი

არ არის შეზღუდული

კანონმდებლობა

საქართველოს კანონმდებლობა

საერთაშორისო საიდენტიფიკაციო ნომერი (ISIN)

GE 2700604558

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები