ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „მითანა“ დაიკეტა. ნახევარფაბრიკატების ხაზი კი, რომელსაც კომპანია გასული წლის შემდეგ ავითარებდა, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყნის" მართვის ქვეშ გადავიდა.
ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "მითანა" და საკონდიტრო საწარმო "ტკბილი ქვეყანა" ადგილობრივ ბაზარზე 2005-2006 წლებში შემოვიდა და წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მენეჯმენტის ქვეშ ვითარდებოდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ორივე კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ამირან ქორთიაშვილია, რომელიც ასევე წილებს კომპანია "გლობუსში" და "რჩეულში" მართავს. უნდა აღინიშნოს, რომ "მითანას" ხორცპროდუქტების, კონკრეტულად კი ძეხვეულობის წარმოების გაჩერების შესახებ BM.GE-სთან გასულ წელს კომპანიის წარმომადგენელმა ისაუბრა, მაშინ ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია და წარმოების ზარალიანობა დასახელდა. თუმცა "მითანა" ნახევარფაბრიკატების წარმოების განვითარებაზე აპირებდა გადაწყობას.
"მითანას" ბრენდიდან ნახევარფაბრიკატების წარმოების "ტკბილი ქვეყნის" ბრენდის ქვეშ გადასვლის შესახებ BM.GE-სთან "ტკბილი ქვეყნის" გაყიდვების დეპარტამენტის უფროსმა, ჯაბა მაისურაძემ ისაუბრა, თუმცა "მითანას" დახურვისა და მათი ხაზის "ტკბილი ქვეყნის" მართვის ქვეშ გადასვლის მიზეზები არ განუმარტავს. მისი ინფორმაციით, ამ დრომდე შიდა ტექნიკური საკითხების მოგვარების პროცესი მიმდინარეობს და ერთ კვირაში „ტკბილი ქვეყნის“ ბრენდის ქვეშ, ისეთი ნახევარფაბრიკატები, როგორიცაა ხინკალი, პელმენი და ა.შ. გაიყიდება.
"მითანა" დაიკეტა და მათ წარმოებაში არსებული ნახევარფაბრიკატები „ტკბილმა ქვეყანამ“ აითვისა. შესაბამისად, წარმოებაში ნახევარფაბრიკატების ხაზის გააქტიურება მოხდება. ძეხვეული საერთოდ აღარ გვექნება. რაც შეეხება ნახევარფაბრიკატებს, ისინი ხარისხის კუთხით უფრო დავხვეწეთ და მათ რეალიზაციას ჩვენ გავაგრძელებთ.
სამწუხაროდ, გასულ წელს ბრენდული მაღაზიები არ დაგვიმატებია. თუმცა ბრენდული მაღაზიების (სავაჭრო კუთხე) მიმართულების განვითარება, ძირითადად „კარფურის“ ქსელში გვინდა. დღეისთვის ჩვენი პროდუქტი "კარფურის" ორ ფილიალშია წარმოდგენილი. ამასთან ვმუშაობთ სხვა ობიექტების მოძიებაზეც. ახალი ობიექტების ზუსტი რაოდენობა არ ვიცით, თუმცა თითო სავაჭრო კუთხეზე დაახლოებით 8000 ლარის ინვესტიციაა გათვლილი", - ამბობს "ტკბილი ქვეყნის" გაყიდვების დეპარტამენტის უფროსი ჯაბა მაისურაძე.
მისი ინფორმაციით, "ტკბილი ქვეყანა" ადგილობრივი ბაზრის 80%-ს ფარავს და ექსპორტის გააქტიურებაზე მუშაობს. ამ ეტაპზე კომპანია მოლაპარაკებებს ირანთან აწარმოებს.
"პროდუქციის სპეციფიკიდან გამომდინარე, ტრანსპორტირების საკითხებია მოსაგვარებელი, რომ ნაწარმი გზაში ერთი თვის განმავლობაში არ იყოს", - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.
კითხვაზე - მოსალოდნელია თუ არა წლის განმავლობაში საექსპორტო აქტივობების განხორციელება, მაისურაძე ტექნიკური დეტალების მოგვარებამდე პროგნოზებისგან თავს იკავებს.
შეგახსენებთ, საკონდიტრო კომპანია "ტკბილი ქვეყანა" ადგილობრივ ბაზარზე 2006 წელს შემოვიდა და დღეისთვის 100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს.