მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მითია, რომ ბიზნესი თავისუფალია - ყველა ხვდება, რომ პოსტფაქტუმ დაისჯება ხმის ამოღებისთვის" - მარინა გულედანი

მარინა გულედანი

კაპიტალის ბაზრის ექსპერტ, ანალიტიკოს მარინა გულედანის შეფასებით, დღევანდელი საქართველოში ბიზნესის თავისუფლებაზე საუბარი მხოლოდ მითია, ქვეყნის ეკონომიკა კი, სახიფათო ნაცრისფერ მოდელზე“ დგას.

“საქართველო, რომელიც ცდილობდა, ყოფილიყო თეთრი“, გამჭვირვალე იურისდიქცია და სუფთა ფული მოეზიდა, დღეს გადაქცეულია შავი და ნაცრისფერი პროცესების კორიდორად“, - ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ განაცხადა.

მარინა გულედანს, რომელსაც წლის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ, ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაზე, მსხვილი ბიზნესი ხმას ამოიღებდა, დღეს ამის მოლოდინი არ აქვს.

„მე ისიც მესმის, რომ არის გარკვეული ბიზნესები, რომლებმაც ძალიან კარგად ისარგებლეს ამ სიტუაციით და აი, ამ [ნაცრისფერი] კორიდორობით და ზუსტად ამიტომ, ბევრი ბიზნესი ხმას არ იღებს. ბიზნესების გარკვეული ნაწილი ისედაც ლოიალური იყო [ხელისუფლების მიმართ] და პრინციპში მძევლად არის.

სინამდვილეში ხომ მითია, ბიზნესი თავისუფალია?! არანაირად არ არის ბიზნესი თავისუფალი, ძალიანაც დაკაბალებულია. მათ ძალიან კარგად იციან, რომ პოსტფაქტუმ დაისჯებიან ხმის ამოღებაზე და ამის სიგნალები და მაგალითები გვაქვს... პატარა ქვეყანაა საქართველო და ყველა ვხედავთ, რა ხდება, ხომ?! ყველას გვყავს ვიღაცა დიდი ბიზნესის ან დამფუძნებელი ან დირექტორი მეგობარი, ან ნაცნობი და ვხედავთ, როგორ იქცევა ეს ხალხი, ხომ?! ანუ ძალიან თითზე ჩამოსათვლელია დიდი ბიზნესის წარმომადგენელი, ვინც მოახერხა და ხმა ამიღო - დიდი პატივისცემა მათ.

გამორიცხულია, ვინმე ვერ ხედავდეს, რა ხდება საქართველოში... კანონებს მიღმა ვართ და კონსტიტუციის ჩარჩოდან სრულიად ამოვარდნილი ვართ. არ მინდა რაღაცა ისეთი არა არაცივილური ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ რა დავარქვა [ჩვენ მდგომარეობას], არ ვიცი. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ქვეყანა და სახელმწიფო არ არის. არანაირი კანონი არ მოქმედებს“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში? - ტყუილებს და უკანონობას უნდა დაესვას წერტილი. ქვეყანა გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან და ამის ბაზა არის ტყუილი. არაფერს თავისი სახელი არ ჰქვია. ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ყოველდღე გამოდიან და შავზე გვეუბნებიან, რომ თეთრია და თეთრზე გვეუბნებიან, რომ შავია“, - აცხადებს მარინა გულედანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები