მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიწის სისტემური რეგისტრაციისას, სახელმწიფო ქონების მიტაცების შემთხვევები იყო - ოთარ კაჭკაჭიშვილი

ოთარ კაჭკაჭიშვილი

მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოიკვეთა. როგორც BMG-სთან იურისტი, კომპანია OK&CG-ს დამფუძნებელი ოთარ კაჭკაჭიშვილი აცხადებს, პროცესმა მოქალაქეებს შორის მრავალი სასამართლო დავა გამოიწვია, იყო სახელმწიფო ქონების მიტაცების შემთხვევები, რადგან გამარტივებული და სწრაფი რეგისტრაციის წესი არ ითვალისწინებდა საკმარის კონტროლს.

“მოხდა სახელმწიფო ქონებების კერძო პირების მიერ დატაცება. მაგალითად, ისეთი ადგილების, როგორიც იყო ტყის ზონა და ასე შემდეგ. მომდევნო პერიოდი შეფასებისთვის მნიშვნელოვანი იქნება - შეფასდება და გამოვლინდება უამრავი დანაშაული - სახელმწიფო ქონებების მიტაცების შემთხვევები, რადგანაც, სამეზობლოები ერთმანეთს, ასე ვთქვათ, ცრუ მოწმეებად დაუდგნენ, რა გზითაც, შეძლეს სხვადასხვა ქონებების მითვისება კერძო საკუთრებაში.

დავუშვათ, ფიზიკურ პირებს ჰქონდათ 30 ჰექტარი და რადგან ძველი დოკუმენტებით არ დგინდებოდა ლოკაცია - სად იყო ეს კონკრეტული მიწა, მათ ისარგებლეს - ეს მიწის ნაკვეთი წამოიღეს და ტყის ფართი დაირეგისტრირეს. ასე მოხდა სახელმწიფო საკუთრებების მითვისება. რადგან რეგისტრაცია სწრაფი პროცესია, არავინ ამოწმებს, კონკრეტული ტერიტორია ტყეშია თუ სხვა არამიზნობრივ ადგილას. პროცესია ასეთია, რომ მოწმე ადასტურებს, მუნიციპალიტეტიც ცნობას გასცემს და ფორმალურად სწორად გამოიყურება რეგისტრაცია. ამიტომ, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ შუა ტყეში აქვს საამხანაგოს რეგისტრირებული მიწა”, - ამბობს ოთარ კაჭკაჭიშვილი და აღნიშნავს, რომ სახეზეა გამარტივებული პროცედურების ბოროტად გამოყენება.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან საარქივო ინფორმაციის ნაკლებობამ ან დუბლირებულმა მონაცემებმა პროცესში დამატებითი ქაოსი შეიტანა.

"ბუნებრივია, ისევე როგორც ყველა მასშტაბურ პროცესს, ამასაც ჰქონდა ხარვეზები. ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა გამოიწვია არაერთი კერძო დავა, იმიტომ, რომ ეს ითვალისწინებდა სახელმწიფოსთვის ისეთი ქონებების საკუთრებაში გადაცემას, რომელზეც არ ფიქსირდებოდა ან არ იყო ინფორმაცია კერძო პირების საკუთრების შესახებ. მოხდა ასეთი ქონებების ასახვა სახელმწიფო რეესტრში, რაზეც მერე უკვე მოსახლეობას უწევდა დაედასტურებინა, რომ ეს მიწა მათ ეკუთვნოდათ. აქ ხელის შემშლელი ფაქტორია ის, რომ სახელმწიფოს ბევრგან აქვს დაკარგული ინფორმაცია და ამა თუ იმ პირის მფლობელობის შესახებ, არქივებში ინფორმაცია არ არის. ან, ეს არის დუბლირებული, არასწორი ინფორმაცია, რამაც, ბევრი უარყოფითი პროცესი გამოიწვია, კერძო დავები დაიწყო მხარეებს შორის სასამართლოებში", - განმარტავს ოთარ კაჭკაჭიშვილი.

პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის ბოლოს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა სრულდება. 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება. იმ მოქალაქეებს, ვინც სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიმართვა ვერ მოასწრეს ან სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლეს, საკუთრებაში გაფორმების ვადა 2026 წლის ბოლომდე ეძლევათ. ამისთვის კი, მოქალაქეებმა სააგენტოს ინდივიდუალურად უნდა მიმართონ. განსხვავებით, სისტემური რეგისტრაციისგან, მიწას მოქალაქეები უფასოდ ვეღარ დაირეგისტრირებენ. საფასურს მთავრობა განსაზღვრავს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, აიზომა 2 მლნ მეტი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობმა 1 101 570 ჰექტარი შეადგინა. 1 469 581 მოქალაქე მიწის მესაკუთრე გახდა. 1 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარვამ 95%-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები