მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მიწოდების ჯაჭვის პრობლემა განსაკუთრებით გვაშფოთებს" - IMF-ის ხელმძღვანელი ისრაელ-ჰამასის და რუსეთ-უკრაინის ომებს ეკონომიკურად აფასებს

IMF კრისტალინა გეორგიევა

მიმდინარე კვირას, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მსოფლიო სამთავრობო სამიტი გაიმართა, რომელსაც სახელმწიფოების ლიდერები, კომპანიების დირექტორები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები, ინვესტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ტრადიციულად, სამიტში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა, რომელმაც არაერთ საჭირბოროტო საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, ყველაზე დიდი ყურადღება მან ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე კრიზისზე და ისრაელი-ჰამასის ომზე გაამახვილა.

„ამ ომს ყველაზე ტრაგიკული გავლენა ადამიანების ცხოვრებაზე აქვს, მაგრამ ნეგატიური გავლენა ცალსახად შესამჩნევია ეკონომიკაზეც. ზიანი, ძირითადად, რეგიონის სახელმწიფოებზე ნაწილდება, განსაკუთრებით იმათზე, რომლებიც კონფლიქტის ეპიცენტრში იმყოფებიან. ჩვენ ვხედავთ, რომ ღაზის სექტორის ეკონომიკა 80%-ითაა შემცირებული, ანუ ის ფაქტობრივად გაპარტახებულია. დასავლეთ სანაპიროს ეკონომიკის მოცულობა 22%-ითაა შემცირებული, რაც ასევე კატასტროფული შედეგია. ცხადია, ამ ომს ნეგატიური გავლენა ჰქონდა ისრაელის ეკონომიკაზეც, თუმცა ვარდნის მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო. IMF-ში ასევე ვხედავთ, რომ რეგიონის სახელმწიფოებს განსაკუთრებით ცუდად აქვთ საქმე ტურიზმის მიმართულებით, ეს სექტორი კი ეგვიპტის, იორდანიისა და ლიბანისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“.

IMF-ის ხელმძღვანელმა წითელი ზღვის კრიზისზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწოდების ჯაჭვის პრობლემა იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამას მსოფლიო აცნობიერებს, რადგან პანდემიის პერიოდში ინფლაციის ზრდა სწორედ მიწოდების ჯაჭვების პარალიზებით იყო განპირობებული.

„მიწოდების ჯაჭვის პრობლემა განსაკუთრებით გვაშფოთებს, რადგან თუ გავიხსენებთ ბოლო წლებში ინფლაციის მკვეთრი ზრდის მიზეზებს, დავინახავთ, რომ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი მიწოდების ჯაჭვების შეფერხება იყო. წითელი ზღვის კრიზისი ჯერჯერობით გლობალური მასშტაბის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი გავლენის უარყოფა შეუძლებელია“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა. შეკითხვაზე, თუ რა მოცულობის თანხა დასჭირდება უკრაინას თავის დასაცავად, გეორგიევა ასე პასუხობს:

„42 მილიარდი დოლარი - ეს არის იმ თანხის მოცულობა, რომელიც უკრაინას წელს დასჭირდება იმ პროგრესის შესანარჩუნებლად, რომელსაც მან ბოლო პერიოდში მიაღწია. აქ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინამ ეს დახმარება დაიმსახურა თავისი თავდადებითა და იმ ფისკალური პოლიტიკით, რომელსაც მთავრობა ატარებს. მაგალითად, გადასახადებიდან მიღებული თანხა მთლიანი შიდა პროდუქტის 36%-ს აღწევს, ეს კი ნამდვილად შთამბეჭდავი შედეგია ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ომში იმყოფება. მათ მოახერხეს და ინფლაციის დონე 27%-დან 5%-მდე შეამცირეს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანა ზრდის ტრაექტორიას დაუბრუნდა. ჩვენი პროგნოზით, წელს უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 4.5%-ით გაიზრდება. თუკი უკრაინას დახმარების მიწოდებას შევუწყვეტთ, ეს პროგრესი წყალში ჩაიყრება და ყველაფერი უარესობისკენ შეიცვლება. საბედნიეროდ, ევროკავშირმა 50-მილიარდიანი დახმარების პაკეტი უკვე დაამტკიცა და იმედი მაქვს, რომ ამერიკის კონგრესიც ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მალე მიაღწევს“.

IMF-ის პროგნოზით, წელს უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართული რუსეთის ფედერაციის ეკონომიკა 2.6%-ით გაიზრდება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია. ამ საკითხთან დაკავშირებით IMF-ის ხელმძღვანელი განმარტებას აკეთებს და ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა ამჟამად საომარ მდგომარეობაში იმყოფება და მთელი ქვეყნის ბიუჯეტი ერთ მიზანზე - ომის წარმოებაზეა მიმართული.

„რუსეთის ეკონომიკა იმყოფება საომარ მდგომარეობაში და ნუ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ამ ომისთვის კრემლი წლების განმავლობაში ემზადებოდა, შესაბამისად, ფინანსური ბუფერი ისედაც არსებობდა. ამჟამად მთელი ქვეყანა ინვესტირებას ახდენს ამ ომში: წარმოების ზრდა, გადასახადების მატება, ხარჯების ოპტიმიზაცია - ყველაფერი მიმართულია შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე. თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ საბჭოთა კავშირიც ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებდა. ჩემი პირადი შეფასებით, ეს პროცესი არამდგრადია და რუსეთის ეკონომიკა ცუდ ვითარებაშია, რადგან კვალიფიციური მუშახელი ქვეყანას თავისი ნებით ტოვებს, ტექნოლოგიური სექტორი შეზღუდულია, სანქციები კი უდიდეს წნეხს წარმოადგენს ბიზნესისთვის. მართალია, ეს 2.6%-იანი ზრდა ფურცელზე კარგად გამოიყურება, მაგრამ რეალური სურათი გაცილებით უფრო დიდია და ის მთლად კარგად არ გამოიყურება“.

როგორც ჩანს, IMF-ის ხელმძღვანელს რუსეთთან დაკავშირებით მთლად პოზიტიური მოლოდინები არ აქვს, ვნახოთ, როგორ გამართლდება ეს პროგნოზი და რა შედეგს დადებს წელს ოკუპანტი ქვეყანა.