ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე.
„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს ორ მოსამართლეს, ამ ორიდან მინიმუმ ერთს აქვს კეთილსინდისიერების პრობლემა, გამომდინარე იქიდან, რომ სათანადო ვადებში არ განიხილავს საქმეებს, ზარმაცობს. თუ იქნებოდა საკუთარი კეთილსინდისიერება უნდა შეემოწმებინათ ასეთ მოსამართლეებს და ისინი სხვის კეთილსინდისიერებაზე არ უნდა საუბრობდნენ, მაგრამ ეს არის მაქსიმუმი, რა განცხადების გაკეთებასაც ვაპირებ სასამართლოსთან დაკავშირებით. ეს არის დამოუკიდებელი შტო. არავისი საქმე არ არის კეთილსინდისიერების შემოწმება. რაც შეეხება მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ერთადერთი ორგანო კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც ამოწმებს მოსამართლეების კეთილსინდისიერებას, ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო.
კეთილი ინებოს ყველამ, ვისაც აინტერესებს მოსამართლეების კეთილსინდისიერება და აქვს გარკვეული ეჭვი სამართალდარღვევებთან მიმართებაში, მიმართონ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მერე ჩაიხედონ, რამდენად სწორად იკვლევს ამ საკითხს იუსტიციის საბჭო, მაგრამ არავითარი საქმე არ არსებობს და ვერ მიმართავენ იუსტიციის საბჭოს. შესაბამისად, ეს არის ცარიელი საუბრები. ჩემთვის, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს ხელმძღვანელისთვის კატეგორიულად მიუღებელია ის დისკრედიტაციის კამპანია, რომელიც წარმოებს სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ, ყოველგვარი არგუმენტების და დასაბუთების გარეშე. ეს არის ჩვეულებრივად, სასამართლო ხელისუფლების მიტაცების, მასში ჩარევის მცდელობა, რასაც ჩვენ ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ, სასამართლო ხელისუფლება, ისევე, როგორც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს დამოუკიდებელი და დამოკიდებული მხოლოდ ქართველ ხალხზე“, - განაცხადა პრემიერმა.