„ხალიკ ბანკის“ გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გეგუჩაძის თქმით, რეგულატორსა და კომერციულ ბანკებს საერთო მიზნები აქვს, რომელიც გარე შოკების არსებული რისკებისა მინიმუმამდე დაყვანაა. ამის შესახებ მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთა საბანკო სექტორის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი დარგის რეგულატორია, ჩვენც და ეროვნულ ბანკსაც საერთო მიზნები გვაქვს - მინიმუმამდე დავიყვანოთ არსებული რისკები, გარე შოკები და განვავითაროთ ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც ისედაც მდგრადია. შევთანხმდით, რომ მომავალშიც არაერთხელ შევხვდებით და განვიხილავთ საბანკო სექტორისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს“, - განაცხადა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ასოციაციის წევრი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა, სადაც ყურადღება საქართველოს საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებზე, სამომავლო სიახლეებსა და არსებულ გამოწვევებზე გამახვილდა.