მიუხედავად მრავალი სუბსიდიისა და შეღავათისა, სოფლის მეურნეობა კვლავაც არაეფექტიან სექტორად რჩება, - ამის შესახებ gnomonwise-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც სოფლის მეურნეობის რეფორმირების ზოგადი პრინციპებისა და ამ პრინციპების დანერგვის მოსალოდნელი შედეგების აღწერას წარმოადგენს.
დოკუმენტი 83-გვერდიანია და მოიცავს როგორც საქართველოში არსებული ვითარების აღწერას, ისე სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას.
„გამოცდილებამ აჩვენა, რომ მთავრობის მიერ ფულის ხარჯვასა და სექტორის განვითარებას შორის დადებითი კავშირი ნაკლებადაა. აუცილებელია მკვეთრი რეფორმების სწრაფად წამოწყება, რათა გაიზარდოს ფერმერთა ეფექტიანობა და სექტორის მიერ შექმნილი სიმდიდრე.
არსებული სიტუაცია კი პირიქით, ფერმერების იმავე ეკონომიკურ მდგომარეობაში დატოვებაზეა ორიენტირებული და შესაბამისად, სექტორიც ვერ ვითარდება“, - ნათქვამია კვლევაში.
არსებული ვითარება:
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკაში წლების განმავლობაში აგროდასაქმებისა და აგრარული სექტორის წილის მუდმივი შემცირების მიუხედავად, დღემდე საქართველო განვითარებული ქვეყნებისგან ძალიან შორს არის.
"მთავრობის საზიანო და განვითარების ხელის შემშლელი, თუმცა მოკლევადიანად, პოლიტიკურად მოგებიანი, გადაწყვეტილებების საუკეთესო მაგალითია რთველის, მანდარინის, თხილის, ჩაისა და სხვა მსგავსი ტიპის სუბსიდირება. ასეთი დახმარებით, მთავრობა ხელოვნურად ინარჩუნებდა იმ ადამიანთა სამუშაო ადგილებს, რომლებსაც სოფლის მეურნეობაში შედარებითი უპირატესობა არ გააჩნიათ. ისინი აგრძელებდნენ არაეფექტიანად მუშაობას, იმის ნაცვლად, რომ ქალაქში გადასულიყვნენ და საქმიანობის სფერო შეეცვალათ. შედეგად, სოფლის მეურნეობის ეფექტიანობა დაბალ ნიშნულზე რჩებოდა, ხოლო ქალაქსა და სოფელში არსებულ შემოსავლებს შორის, განსხვავება მკვეთრად იზრდებოდა", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
მათი შეფასებით, სოფლად ხელოვნურად, დიდი რაოდენობით, შენარჩუნებული ღარიბი მოსახლეობა კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ პრობლემას ქმნიდა და სუბსიდიებს ითხოვდა. "დღემდე პოლიტიკურმა ხელისუფლებებმა ვერ შეძლეს სოფლის მეურნეობის სუბსიდირების პროგრამების გაუქმება. პირიქით, წლების განმავლობაში, ახალ-ახალი საბიუჯეტო სქემები ჩნდება. მაგალითად, „ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა“, იგივე „ქართული ჩაი“, რომლის გაცხადებული მიზანი ადგილობრივი ჩაის წარმოების ხელშეწყობაა, 2016 წლიდან მოქმედებს. პროგრამის მიხედვით, ბენეფიციარს ხარჯების 70% (ჰექტარზე, მაქსიმუმ, 2 500 ლარი) უფინანსდება. თუმცა ეს პროგრამა მეწარმისგან ჩაის ხარისხის გაუმჯობესებას არ მოითხოვს. ხარისხიან პროდუქტს კი მომხმარებელი თავისთავად ეყოლება და შესაბამისად, სუბსიდირება არც დასჭირდება. მეორე მხრივ, თუ პროდუქტი უხარისხოა, ის მუდმივად სუბსიდირებას მოითხოვს. მუდმივი სუბსიდირება და გარანტირებული მოგება უბიძგებს ფერმერს, პროდუქტის წარმოებისთვის ნაკლები ძალისხმევა გასწიოს. ამრიგად, სუბსიდირების ერთ-ერთი მთავარი ნაკლი მეწარმეების იმ სტიმულების დაქვეითებაა, რომლებიც მათ ხარისხიანი და ბაზარზე მოთხოვნადი პროდუქტის წარმოებისკენ უბიძგებს.
ეკონომიკური სტიმულების ცვლილება აისახება როგორც ცალკეული ბიზნესის, ისე მთელი სექტორის ეფექტიანობაზე", - მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
სხვა ქვეყნების გამოცდილება:
ქვეყნის ეკონომიკაში აგრარული სექტორის 7%-იანი წილს Gnomonwise-ში, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, მაღალი ნიშნულად აფასებენ. მაგალითად, ისრაელში ეს მაჩვენებელი 1.3%-ია, აშშ-ში - 1%, ესტონეთში - 2%, ირლანდიაში - 1%. არაეფექტიანობის მასშტაბი ნათლად გამოჩნდება, თუ აგროდასაქმების მაჩვენებლებს შევხედავთ. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში სოფლის მეურნეობაში კონცენტრირებულია დასაქმებულთა 40%, ირლანდიაში - 4.5%, ესტონეთში - 2.7%, აშშ-ში - 1.7% და ისრაელში - 0.9%.
"ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ერთი ფერმერი - 10-ჯერ და ზოგ შემთხვევაში, 50-ჯერ ნაკლები ღირებულების პროდუქციას აწარმოებს, ვიდრე ფერმერი განვითარებულ ქვეყნებში. კერძოდ, Our World in Data-ს მიხედვით, რომელიც მონაცემებს 2015 წლის ფასებში გვთავაზობს, 2019 წელს საქართველოში ერთი ფერმერი, საშუალოდ, ისრაელელ ფერმერზე - 54-ჯერ, ამერიკელზე - 53-ჯერ, ირლანდიელზე - 18-ჯერ, ხოლო ესტონელზე 15-ჯერ არაეფექტიანი იყო.
არანაკლებ რადიკალურია საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების ნაკვეთების საშუალო ფართში სხვაობა. ეს მაჩვენებელი საქართველოში დაახლოებით 1-2 ჰექტარია, როცა, მაგალითად, აშშ-ში - 180 ჰა, ესტონეთში - 87 ჰა, ხოლო ირლანდიაში 32 ჰექტარია.
დაბალი ეფექტიანობის ფონზე, აგრარული სექტორი მრავალი საგადასახადო შეღავათით სარგებლობს", - წერია დოკუმენტში.
დასკვნა:
კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებამ აჩვენა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, აგრარული სექტორის განვითარების ტემპი დაბალია. არსებული რთული მდგომარეობა კი დარგის რეფორმირების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
ამასთან, იმ ქვეყნებში, სადაც მასშტაბური რეფორმები განხორციელდა, სოფლის მეურნეობის დახმარება მცირეა, ხოლო პროდუქტიულობა - გამორჩეულად მაღალი. ასეთი ქვეყნებია ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ბრაზილია და შვედეთი. შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ სოფლის მეურნეობის წარმატებული რეფორმები საბაზრო პრინციპებზე ორიენტირებული ცვლილებები იყო. ასეთ ცვლილებებს შორისაა სოფლის მეურნეობის წარმოებაში გამოყენებული რესურსების სუბსიდირების შეწყვეტა ან შემცირება, საბაზრო ინტერვენციების გაუქმება, ფასებისა და წარმოების კონტროლის მოშლა, სავაჭრო ბარიერების შემცირება, თანაბარი საგადასახადო რეჟიმის უზრუნველყოფა და სხვა მსგავსი ღონისძიებების გატარება.
ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის რეფორმების ანალიზმა აჩვენა, რომ ერთიანი პოლიტიკის მიდგომა, დროთა განმავლობაში, საბაზრო პრინციპებთან შესაბამისი მიდგომებისკენ იხრებოდა და ქვეყნები უარს ამბობდნენ სხვადასხვა სახის სუბსიდირებაზე. რამდენიმე ფართო მასშტაბიანი ცვლილების შემდეგ, ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკა დღეს უშუალოდ აქტიური ფერმერის მხარდაჭერაზეა ფოკუსირებული. ამგვარი დახმარების მიღება კი წარმოებისგან დამოუკიდებელ ფაქტორზე, მიწაზეა მიბმული, რაც ფერმერების ეკონომიკური სტიმულების ნაკლებ დეფორმაციას იწვევს. ამასთან, რეფორმების შედეგების შესწავლისას გამოიკვეთა, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეამცირა სექტორის საბიუჯეტო დახმარება და ხელი შეუწყო პროდუქტიულობის ზრდას.
განხილულ გამოცდილებებსა და აკადემიურ კვლევებზე დაყრდნობით, ორი საარჩევნო ციკლის ფარგლებში, განისაზღვრა რეფორმის სამიზნე მაჩვენებლები, რომლებიც ევროპის კავშირში არსებული საშუალო მაჩვენებლებია. კერძოდ, რეფორმის მიზანია მთლიან დასაქმებაში სოფლის მეურნეობის წილის 4.5%-მდე კლება, მთლიან შიდა პროდუქტში აგრარული სექტორის წვლილის 1.4%-მდე შემცირება, საშუალო ფერმის ზომის 17.4 ჰექტრამდე გაფართოება და მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, სექტორის საბიუჯეტო დახმარების 0.48%-მდე შემცირება.
"ჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად საჭიროა ისეთი სამთავრობო მხარდაჭერის შეწყვეტა, როგორიცაა საბაჟო და საგადასახადო შეღავათები. ამასთან, აუცილებელია სუბსიდიების მსხვილი პროგრამების გაუქმება და სანაცვლოდ, ფერმერთა პირდაპირი დახმარების მექანიზმის დანერგვა.
აღსანიშნავია, რომ შემოთავაზებული რეფორმები არა მხოლოდ გაზრდის ეკონომიკურ ეფექტიანობას, არამედ პოლიტიკურადაც მოგებიანია. კერძოდ, ეკონომიკური არგუმენტების გარეშე გაკეთებული პოპულისტური დაპირებების ნაცვლად, პოლიტიკოსებს საშუალება ეძლევათ, სექტორში დასაქმებულ პირებს, კონკრეტულ გათვლებზე დაყრდნობით, პირდაპირი ფულადი დახმარება შესთავაზონ. ეს უბიძგებს ფერმერებს, რომ მეტად განავითარონ თავიანთი მეურნეობა, ან ნაკლებად ეფექტიანი სექტორიდან უფრო ეფექტიან სექტორში დასაქმდნენ და გაზარდონ პირადი და ოჯახის კეთილდღეობა", - მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
საქართველოს სოფლის მეურნეობის რეფორმირების მიმართულება
კვლევის ავტორები არიან ზვიად ხორგუაშვილი და ეგნატე შამუგია




























