მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიუნხენის კონფერენცია დღეს იხსნება - საქართველოდან ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილი ესწრება

გერმანია

გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია (MSC 2025) სტარტს დღეს, 14 თებერვალს აიღებს და 16 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. კონფერენციაზე მსოფლიოს ასობით ლიდერი და დელეგატი მოიყრის თავს.

MSC 2025 გლობალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვან დროს იწყება: აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია იანვრიდან ამოქმედდა, დაიწყო ევროპული კანონმდებლობის ახალი ციკლი, გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნები კი კონფერენციის დასრულებიდან ერთ კვირაშია ჩანიშნული.

კონფერენციას დღეს გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვოლტერ შტაინმაიერი გახსნის, სხვადასხვა რეგიონის ასობით წარმომადგენელი კი მსოფლიო უსაფრთხოების პოლიტიკას კრისტოფერ ჰეუსგენის ხელმძღვანელობით განიხილავენ.

წლევანდელი კონფერენციის მთავარი ფოკუსი გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები იქნება, მათ შორის რეგიონული კონფლიქტების და კრიზისების ჭრილში. სამიტის მეორე დღე ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს დაეთმობა, ბოლოს კი დისკუსია გაიმართება მსოფლიოში ევროპის როლზე.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პროგრამის თანახმად, 14 თებერვალს დაგეგმილ ღონისძიებებს შორის არის დაგეგმილი პანელური დისკუსია Spotlight Georgia, რომელზეც სიტყვით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები