მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივდივართ დიდ რისკზე, მიწა კი შესაძლოა მძევლად იქცეს - დავით მჟავანაძე Eagle Hills-ის პროექტზე

დავით მჟავანაძე

Eagle Hills-ის პროექტთან დაკავშირებით კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრმა და კორუფციის მკვლევარმა, დავით მჟავანაძემ BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ფინანსურ, ეკონომიკურ და კორუფციულ რისკებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პროექტის ეკონომიკური მოდელი არაერთ კითხვას აჩენს, მათ შორის, რამდენად გამართლებულია სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მიწის რესურსის პროექტში შეტანა იმ პირობებში, როცა მოსალოდნელი ფინანსური სარგებელი გაურკვეველია.

მჟავანაძის განცხადებით, სახელმწიფო პროექტში დაახლოებით 900 ჰექტარ მიწას დებს, რომლის საბაზრო ღირებულება უკვე დღეს უტოლდება იმ მოგებას, რასაც მთავრობა 10 წლის შემდეგ ელოდება.

„მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ძალიან მარტივ საკითხზე, რატომ ველოდებით დაახლოებით 2 მილიარდ ლარიან მოგებას 10 წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც ამ პროექტში ჩადებული მიწის ღირებულება უკვე დღეს, დაახლოებით იმავე 2 მილიარდ ლარს უდრის საბაზრო ფასით, რომელიც თითქოს, 10 წლის შემდეგ უნდა ამოვიღოთ. ეს ნამდვილად გაუგებარია და სხვათა შორის, ამ კითხვაზე პასუხი რამდენიმე დღის წინ, „იმედზე“ გამართულ ე.წ. დებატებშიც არ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა მჟავანაძემ.

მისივე თქმით, ინფლაციის გათვალისწინებით, 10 წლის შემდეგ მიღებული თანხის რეალური ღირებულება გაცილებით ნაკლები იქნება, ხოლო მიწის „მძევლად ქცევის“ საფრთხე რეალურია.

„კითხვა ძალიან მარტივია, ვდებთ დაახლოებით 900 ჰექტარ მიწას, რომლის ღირებულება დღეს საშუალოდ დაახლოებით 800 მილიონ დოლარს შეადგენს, და ველოდებით, რომ 10 წლის შემდეგ დაახლოებით 760 მილიონი დოლარის მოგებას მივიღებთ. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ინფლაციაც. 10 წლის შემდეგ ამ თანხის რეალური ღირებულება უკვე შემცირებული იქნება და ის 2 მილიარდი ლარი აღარ იქნება, რაც დღეს არის. ესეც ცალკე დასათვლელია. ფაქტობრივად, მივდივართ ძალიან დიდ რისკზე გაუგებარი მიზეზით. თან არსებობს საფრთხე, რომ ეს მიწა ამ პროექტის ფარგლებში ერთგვარ მძევლად იქცეს. თუ პროექტი ისე არ განხორციელდა, როგორც კობახიძე ამბობს და მხოლოდ სიტყვებს ვენდობით, არსებობს რეალური რისკი, რომ 900 ჰექტარი მიწა პრაქტიკულად უსარგებლო გახდეს და შესაძლოა ეკოლოგიური ზიანიც კი გამოიწვიოს“, - ამბობს კორუფციის მკვლევარი.

მჟავანაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საზოგადოებას არ აქვს წვდომა კონტრაქტზე, რაც აჩენს კითხვებს დივიდენდების რეინვესტირების შესახებ. მან პარალელი სერბეთის მაგალითთან გაავლო, სადაც, მისი თქმით, ინვესტორმა მსგავს პროექტში მთავრობის მოლოდინების მხოლოდ მცირე ნაწილი გაამართლა.

რაც შეეხება სერბეთს, Eagle Hills-ის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო პროექტია „ბელგრადის სანაპირო“ (Belgrade Waterfront), რომლის ღირებულება დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს შეადგენს. სერბეთის მთავრობამ პროექტისთვის მიწა კომპანიას 99 წლით იჯარით გადასცა, ხოლო ერთობლივ კომპანიაში 68%-ს Eagle Hills ფლობს და 32%-ს სერბეთის მთავრობა.

პროექტი 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპისთვის პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია 14 შენობა, მათ შორის 168-მეტრიანი ცათამბჯენი Kula Beograd, ასევე 1.8 კმ სიგრძის საფეხმავლო ბულვარი და 2.7 ჰექტარის პარკი. შეთანხმების მიხედვით, პროექტის ნახევარი 20 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.

„კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ, მათი [მთავრობის] თქმით, პროექტიდან ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონი ლარის დივიდენდი უნდა მივიღოთ. თუმცა კონტრაქტზე წვდომა არ გვაქვს და არ ვიცით, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს დივიდენდი რეინვესტირების სახით ისევ პროექტში უნდა დაბრუნდეს მისი სწრაფად განხორციელებისთვის. ჩვენ ამ კომპანიაში გვაქვს 32%-იანი წილი, ხოლო 68% ეკუთვნის არაბულ მხარეს. თუ აღმოჩნდა, რომ მიღებული დივიდენდი გარკვეული წლების განმავლობაში ისევ პროექტში უნდა დაბრუნდეს რეინვესტიციის სახით, რათა პროექტი რეალურად განხორციელდეს, მაშინ რა გავლენა გვაქვს ჩვენ იმაზე, რომ ეს რეინვესტირება არ მოხდეს და თანხა მართლაც სახელმწიფო ბიუჯეტში შევიდეს? ამ კითხვაზეც პასუხი არ გვაქვს.

თუ სერბეთის მაგალითს გავიხსენებთ, სადაც ამავე კომპანიამ მსგავსი პროექტი დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო, ვნახავთ, რომ სერბეთის მთავრობამ მიიღო მხოლოდ 10 მილიონი ევროს შემოსავალი, რაც იმ თანხის დაახლოებით 2%-ია, რაც უნდა მიეღო, რისი მოლოდინიც ჰქონდათ. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მსგავს სცენარში ჩვენც 10 წლის შემდეგ შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალს ვხედავდეთ“ - განაცხადა მჟავანაძემ.

კორუფციის მკვლევარი ეჭვობს, რომ პროექტის ფარგლებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს გარკვეული ჯგუფების ფინანსურ ინტერესებს, რადგან სამშენებლო მასალების ბაზარი საქართველოში მსხვილ პოლიტიკურ ფიგურებთანაა დაკავშირებული.

„მესამე საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის კორუფციული რისკები. ჩვენ არ ვიცით, რომელ კომპანიებთან გაფორმდება ხელშეკრულებები და საიდან შემოვა ეს თანხები. ითქვა, რომ 6.6 მილიარდი დოლარის პროექტიდან მინიმუმ 5 მილიარდი უცხოური ინვესტიცია იქნება. მაგრამ „მინიმუმ იქნება“ რას ნიშნავს? საიდან მოდის ეს ფული? სესხად უნდა აიღონ? ქართული მიწა უნდა ჩადონ უზრუნველყოფად და შემდეგ აიღონ სესხი, თუ არაბი ინვესტორი რეალურად საკუთარი კაპიტალით დებს ამ თანხას? ამაზე კონკრეტული პასუხები არ არსებობს.

აქვე უნდა აღვნიშნო კიდევ ერთი გარემოება, თუ ქვეყანაში არსებული სამშენებლო კომპანიები და სამშენებლო მასალების მწარმოებლები ჩაერთვებიან ამ პროექტში, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვის ეკუთვნის ეს ბიზნესი. მაგალითად, არმატურის ბიზნესი ეკუთვნის ირაკლი რუხაძეს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია. ცემენტის ბიზნესი კი მთლიანად ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი რუხაძეს უკავშირდება. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, ხომ არ გვაქვს საქმე იმასთან, რომ გარკვეული ჯგუფები ამ პროექტის ფარგლებში საკუთარ ფინანსურ სარგებელს ეძებენ, მაშინ როცა საბოლოოდ რა აშენდება და რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი, სრულად გაურკვეველია“ - განაცხადა მჟავანაძემ.

გადაცემის დასასრულს დავით მჟავანაძემ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობის მაგალითი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ქართული პრაქტიკა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

„დავამატებ კიდევ ერთ მაგალითს ჩვენი ქვეყნის პრაქტიკიდან. როგორ ხორციელდება დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოში. ამის ნათელი მაგალითია რიკოთის გზატკეცილი. მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 250 მილიონი ლარი იყო. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა და თავადაც აღიარეს, თანხების გაფლანგვის გამო, რის გამოც ქარსელაძის [ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის] ყოფილი მოადგილეებიც კი დააკავეს. პროექტი დროში გაიწელა. შედეგად, მისი ღირებულება 250 მილიონი ლარიდან გაიზარდა დაახლოებით 1 მილიარდ 100 მილიონ ლარამდე. გზის ნაწილი დღემდე დასრულებული არ არის და ექსპლუატაციაშიც ბოლომდე არ არის შესული.

თუ მხოლოდ 50-კილომეტრიანი გზის აშენებას ამდენი დრო და რესურსი დასჭირდა, წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს ორი ქალაქის მშენებლობის შემთხვევაში, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პროექტი გაუმჭვირვალე პირობებში მიმდინარეობს. ამიტომაც არსებობს უამრავი კითხვა. კობახიძე ამ დისკუსიაში აბსოლუტურად სუსტი და უსუსური იყო — იმ ოპონენტებთანაც კი, რომელთა ეკონომიკურ კომპეტენციას პირადად მე დიდად არ ვაფასებ. მაგალითად, ზურა მახარაძე. თუმცა, როცა საკითხი იმდენად მარტივია და სიმართლე ასე აშკარად ჩანს, იქ არსებული შესაძლო კორუფციული გარიგებები და შეუსაბამობები იმდენად თვალსაჩინოა, რომ კობახიძე ნამდვილად ძალიან უსუსურად გამოიყურებოდა“, - განაცხადა მჟავანაძემ ელენე კვანჭილაშვილის "ანალიტიკაში".

ცნობისთვის, "იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელია Eagle Hills Development Holdings Limited, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ს. ამ უკანასკნელის დამფუძნებელი და მესაკუთრე კი მილიარდერი მოჰამედ ალაბარია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით შედის, კერძოდ, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით. ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.

"ოცნების" მთავრობის ეკონომიკის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიის მიერ აღებულ საკრედიტო ვალდებულებების მომსახურებაში მონაწილეობას არ მიიღებს და აღნიშნული ვალდებულებების გასტუმრება სრულად ინვესტორის პასუხისმგებლობა იქნება. სახელმწიფო პროექტში შედის მხოლოდ მიწით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები