თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, კორუფცია გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის და მის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„იმაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რაც მოვისმინეთ შესაბამისი უწყების მხრიდან. გამოძიება მიმდინარეობს ყველა მიმართულებით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. დაველოდოთ გამოძიებას და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ზოგადად, მივესალმებით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ეს მთელ მსოფლიოში გამოწვევაა და რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ შებამისი უწყებები დგამენ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა პრევენცია განხორციელდეს და თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს, შესაბამისი მოქმედებები ჩატარდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ დღეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსანი 4 ეპიზოდში ქრთამის აღების ფაქტზეა ბრალდებული, აქედან 2 ენერგოპროექტს, ერთი გაზმომარაგების პროექტს, ხოლო ერთი ქოლცენტრების საქმეს ეხება. ლილუაშვილს ბრალი სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით ედება, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




























