მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საზოგადოებას ატყუებენ, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამ" - თბილისის მერი

კალაძე

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომამდე თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი არჩევნების თემას დაუთმო. კახა კალაძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დედაქალაქშიც მოიგო, საზოგადოებას კი ატყუებენ, რომ მმართველმა პარტიამ თბილისში ვერ გაიმარჯვა.

თუმცა, ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე დაბალი შედეგი დედაქალაქში აჩვენა, ხოლო ოლქი სადაც "ქართულმა ოცნებამ" ყველაზე მაღალი შედეგი ნინოწმინდაში აჩვენა. თბილისში ქართულმა ოცნებამ მთლიანობაში 262,927 ხმა მიიღო, რაც დედაქალაქის ხმების 42.16%-ია. ოლქების მიხედვით "ქართული ოცნების" ხმები ასე ნაწილდება - "ოცნებამ" მთაწმინდაზე ხმების 41.5% მიიღო, ვაკეში - 38%, საბურთალოზე - 39.7%,კრწანისში - 48.8%, ისანში - 45.2%, სამგორში - 44.9%,ჩუღურეთი - 42%, ნაძალადევი - 42.5%, გლდანი 40.4%.

„ბოლოს, როგორც თბილისის მერმა, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თქვენ, თბილისელებს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა. თბილისის ყველა რაიონში, ყველა უბანზე „ქართულმა ოცნებამ“, სხვა პარტიებთან შედარებით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. საზოგადოებას ატყუებენ, რომ თბილისი წააგო „ქართულმა ოცნებამო“. არადა 263 128 თბილისელმა გამოუცხადა ნდობა „ქართულ ოცნებას“. აქვე შეგახსენებთ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 218 015 თბილისელმა დაუჭირა მხარი მმართველ პარტიას, ანუ წელს 45 113-ით მეტმა ამომრჩეველმა გამოგვიცხადა მხარდაჭერა.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გპირდებით, რომ გავუფრთხილდებით თქვენს ნდობას, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მეტი ძალისხმევით გავაგრძელებთ ამ ქალაქისა და ქვეყნის შენებას. ვერანაირი ბოროტი ძალა და რადიკალიზმი ვერ შეაჩერებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, წინსვლას და აღმშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არჩევანი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე გააკეთა.

„მინდა, საქართველოს მოსახლეობას მივულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება, რომელმაც ჩაიარა მშვიდ, სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. ჩვენ მოვისმინეთ ეუთო/ოდირ-ის შეფასება, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. ჩვენი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, მილიონ 120 ათასმა ამომრჩეველმა, არჩევანი გააკეთა ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე, მშვიდობასა და წინსვლაზე და ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას”.

მინდა, თითოეულ თქვენგანს მადლობა გადაგიხადოთ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნისა და ასევე, იმ პოლიტიკური გუნდის მიმართ, რომელიც იცავდა და კვლავაც დაიცავს, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. ეს შემართება, ერთიანობა, რაც აღნიშნულ არჩევნებზე ჩანდა, 2012 წლის შემდეგ პირველად ვიხილეთ. მთელი საარჩევნო კამპანიის დროს, ხალხის მხრიდან ვგრძნობდით ამ თანადგომას. ეს ყველაფერი არის გარანტი იმისა, რომ წარმატებით დავძლევთ ყველა გამოწვევას, გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, გადაიდგმება ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანებისკენ და შესრულდება ყველა ვალდებულება ევროინტეგრაციის გზაზე.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და მათ უსუსურ მცდელობას, ათასგვარი მანიპულაციით, საზოგადოების დეზინფორმირებით, ტყუილებით შექმნან საპროტესტო მუხტი, რასაკვირველია, იგი განწირულია მარცხისთვის. ეს დღეებია ვხედავთ მხოლოდ უსუსურ ბრალდებებს ყოველგვარი ფაქტების გარეშე. მთელ ძალისხმევას ხარჯავენ ე.წ. ფეიკ ნიუსების შექმნაში, საზოგადოების დეზინფორმირებაში, ნაცვლად იმისა, რომ გააანალიზონ საკუთარი შეცდომები. არანაირი არგუმენტი არ არის წარმოდგენილი არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. გუშინდელ დღემდე ყველაზე ძლიერი არგუმენტი იყო ის, რომ ერთ-ერთ უბანზე ორმა დამკვირვებელმა ერთმანეთი გადაკოცნაო, თუმცა, გუშინ კიდევ ერთი ახალი არგუმენტი წარმოადგინეს, რომელიც ეხება ერთ-ერთ „მილიონერ ქალბატონს“, რომელიც მათი თქმით, ბეჭდებით იჯდა საარჩევნო უბანზე და თავისი ღიმილით ამომრჩეველზე ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის მათთვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი. დანარჩენს ალბათ „თენგო გვეტყვის“.

ეს ის პოლიტიკური პარტიებია, რომელთაც საარჩევნო კამპანიაც კი არ უწარმოებიათ, რადგან არ ჩათვალეს საჭიროდ ამომრჩეველთან საუბარი. რა ნამუსით უნდა მისულიყო ხალხთან გვარამია, მელია, ხაზარაძე, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში საზოგადოებას თავი ბოროტებით და სიბინძურით დაამახსოვრეს? მთელი ამ ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ სამარცხვინო კამპანიას საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, აბულინგებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ, მონებად აცხადებდნენ ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებდა. არ დატოვეს არცერთი სფერო - სპორტი, ხელოვნება, ბიზნესი, ყველას აყენებდნენ შეურაცხყოფას. მიმდინარეობდა მიზანმიმართული ბულინგი, სოციალურ მედიაში ზიზღის კამპანია და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს საზოგადოებამ შესაბამისი პასუხი გასცა არჩევნების შედგით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები