მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივიღებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ბიზნესისთვის იქნებიან ადვილად ჩანაცვლებადი - განათლების სპეციალისტი რეფორმაზე

მანანა რატიანი

განათლების სპეციალისტი, მოძრაობა “ქართული განათლება საფრთხეშია” წარმომადგენელი მანანა რატიანი მიიჩნევს, რომ მთავრობის განათლების რეფორმა ბაზარზე მხოლოდ დაბალანაზღაურებად, ადვილად ჩანაცვლებად კადრებს გააჩენს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, ბიზნესის მოთხოვნებთან თანხვედრა სწორედ დაბალკვალიფიციური, დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალის გამოშვებას გულისხმობს.

“განაცხადი არის აბსოლუტურად პოპულისტური. თითქოსდა, შრომის ბაზარს დაახლოებენ და ამით დასაქმების მაჩვენებელი გაიზრდება. სინამდვილეში, ჩვენს ბაზარს რომ გადავხედოთ, აუცილებლად ვნახავთ, რომ გვაქვს ძირითადად, დაბალ კვალიფიციურ სამუშაოზე მოთხოვნა და საქართველო თუ ამ მიმართულებით გააგრძელებს ბიზნესის მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაშინ მივიღებთ იმას, რომ ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ დაბალანაზღაურებადი, ადვილად ჩანაცვლებადი სამუშაო, რაც სერიოზულად წარმოადგენს რისკს, რადგან ბიზნესისთვის ისინი იქნებიან ადვილად ჩანაცვლებადი, და მათ არასდროს ექნებათ ღირსეული სამუშაო პირობები.

ასევე, არის სოციალური უთანასწორობის გაღრმავების რისკიც. ფაქტობრივად, ნაპრალი ჩნდება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს შორის. ახალგაზრდებს, რომლებსაც ფინანსურად სტაბილური ოჯახები არ აქვთ, მათ სოციალური მობილობის კიბეზე ჩანაცვლების საშუალება აღარ რჩებათ, იმიტომ, რომ ისინი მხოლოდ 11 წლიან განათლებას მიიღებენ სკოლაში, და კონკურენციას ვერ გაუწევენ 12 წლიან მოსწავლეებს დაფინანსების მოპოვებაში. ამავდროულად, 3 წლიანი უმაღლესი განათლებით ეს ადამიანები ვერ შეძლებენ უკეთესი მომავლის შექმნას,” - განმარტავს მანანა რატიანი.

მისივე თქმით, სასწავლო წლების შემცირება განათლების ხარისხს კიდევ უფრო გააუარესებს.

“როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ მაღალკვალიფიციური კადრები არ გვყავს, რომ არგუმენტირებული მსჯელობა არ შეუძლიათ, რომ ხარისხიანი განათლება არ გვაქვს - რატომ ამოკლებენ სასწავლო წლებს? სკოლებში 11 წლიან სწავლებაზე ჩამოსვლა, ბაკალავრიატში 3 -წლიანი და მაგისტრატურაში უმეტეს შემთხვევაში, 1 წლიანზე - ნამდვილად არ არის ლოგიკური. ამით სერიოზული პრობლემები ექმნებათ ახალგაზრდებს, რადგან ვიცით, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში ახალგაზრდები ფორმალურ განათლებაში 12,9 წელი არიან და ისინი ხარისხიან განათლებას იღებენ მხოლოდ 8,3 წლის მანძილზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კი არ უნდა შევამოკლოთ წლები, არამედ გავაკეთოთ ისე, რომ სასწავლო დანაკარგები აღმოვფხვრათ” - ამბობს რატიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები