მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მივიღეთ ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება“ - "ეკო ცენტრის" განცხადება

ეკო ცენტრი

ორგანიზაცია „ეკო ცენტრი“ რუსული კანონის გამო იხურება - შესაბამის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ორგანიზაცია Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმისთვის რომ ჯარიმა არ მიიღონ, ამ ეტაპზე „ღირსების შემლახავ რეესტრში დარეგისტრირდებიან“, თუმცა არჩევნების შემდეგ თუ არ გაიწვევენ კანონს ოპერირებას შეწყვეტენ.

„თუ არჩევნების შემდეგ ეს კანონი არ გაიწვიეს, ვხურავთ ოფისს და მოვიფიქრებთ, რა გზით გავაგრძელებთ ფუნქციონირებას (თუ ეს საერთოდ შევძელით).

თუმცა, რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სახელით ეს არ იქნება. ამიტომ უკვე დიდი ხანია ახალ პროექტებს არ ვწერთ.

არჩევნებამდე ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, რათა უფრო მეტ მოქალაქეს ველაპარაკოთ გარემოს დაცვის და ძლიერი სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე.

ასევე, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენს დაპირებას და 20 ოქტომბრის ჩათვლით მოტანილი პლასტმასისა და მაკულატურის სანაცვლოდ, ოქტომბრის ბოლოს გავცემთ ნერგებს და ასევე, გავამწვანებთ რუსთავის ჭალის ტყეს (დიახ, მათ შორის ასეთი საქმიანობისთვის გვრაცხავენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად).

რადგან რუსული კანონის გაწვევის საკითხი ჯერ ბუნდოვანია, იურისტებთან კონსულტაციის შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ჯარიმის მიღება სამომავლოდ ჩვენი ბევრი ქმედების შეზღუდვას ნიშნავს და ამიტომ მივიღეთ მართლა ღირსების შემლახავ რეესტრში რეგისტრაციის გადაწყვეტილება. თუმცა, არჩევნების შემდეგ, თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ორგანიზაციულ მუშაობას არ გავაგრძელებთ.

ჰოდა, ამ მავნებლური კანონის უტიფარი დამცველები რომ აფრიალებენ 233 ორგანიზაციაა უკვე დარეგისტრირებულიო, ეს არ ნიშნავს, რომ 233 აგრძელებს მუშაობას და ეთანხმება კანონს. თუ ეს კანონი არ გაუქმდა, ჩვენ ვიხურებით ამ კანონის გამო“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იუსტიციის სახლის ფილიალები „რუსული კანონის“ გამო დღესაც იმუშავებენ და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნებათ, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ რეესტრში თავისი ნებით დარეგისტრირდნენ.

"რუსული კანონის" თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები