მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მივიღეთ შეშინებული ბიზნესი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განწყობა შეიცვალა"|რატომ დადუმდა ბიზნესი?

ზაზა ბროლაძე

ეკონომისტ ზაზა ბროლაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში, ბიზნესის განწყობა მოსახლეობის განწყობის ანალოგიურია.

„ვფიქრობ, როგორც მოსახლეობის, ასევე, ბიზნესის 70%-ს არ მოსწონს რა ხდება ქვეყანაში და ისინი ცვლილებების მომხრე არიან. სხვა საქმეა, თუ რამდენად აქტიურად აფიქსირებს ბიზნესი (ისევე, როგორც მთლიანად მოსახლეობა, სხვათა შორის) თავის პოზიციას“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ეკონომისტმა, PMCG-ის გამგეობის ყოფილმა წევრმა ჟურნალისტის კითხვას - „რატომ არ ისმის ბიზნესის ხმა ქვეყანაში“.

„არ მგონია, ქვეყნის განვითარების შესახებ [ბიზნესმენების ხედვა შეიცვალა]. მათ შესაძლოა, ჩვენზე უკეთესადაც კი იციან არსებული პრობლემების შესახებ, რადგან ყოველდღიურად აწყდებიან მათ... [თუმცა] გარკვეული ევოლუცია შეიმჩნევა. თუ მთავრობის ანტიევროპულ და ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას ბიზნესი ღიად უპირისპირდებოდა 2024 წელს, ამჟამად სერიოზული დისტანცირება და სიფრთხილეა მათი მხრიდან. მაგალითად, გვახსოვს პლატფორმა freebusiness.ge, სადაც საკმაოდ ბევრი მსხვილი და საშუალო ბიზნესი დარეგისტრირდა და მხარი დაუჭირა ქვეყნის დასავლურ კურსს.

ავტორიტარულმა მთავრობამ ეს მიიღო გამოწვევად და „აქტიურად იმუშავა“ როგორც ამ საიტის შემქმნელებთან, ასევე, ბიზნესთანაც. შედეგად, დღეისათვის მივიღეთ დადუმებული და შეშინებული ბიზნესი, თუმცა ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ბიზნესის განწყობა შეიცვალა. „აქტიური მუშაობა“ რომ ვახსენე, ამისათვის ავტორიტარულ მთავრობას უამრავი ბერკეტი გააჩნია: გარდა ტრადიციული საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისა, პროცესში ჩართეს სუსი, სესი, პარლამენტის ფასების კომისია და ასე შემდეგ“, - აცხადებს ეკონომისტი ზაზა ბროლაძე, რომელიც ერთ-ერთია საქართველოს იმ მოქალაქეებს შორის, რომლებიც პროტესტის გამო, გზის გადაკეტვის საბაბით, შარშან რამდენიმე დღით დააკავეს.

რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? „ლეგიტიმური და ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები“, - ასე უპასუხა მან „წერტილის“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას და იქვე დასძინა, რომ წერტილი უნდა დაესვას არალეგიტიმურ და არაეფექტიან მმართველობას, რომელთა მთავარი მიზანი ძალაუფლების გახანგრძლივებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები