მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მივიღეთ სრული გარანტია, რომ ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადი არ მოიხსნება - ლევან სილაგავა

ფქვილი

„მივიღეთ სრული გარანტია, რომ [ფქვილზე დაწესებული საიმპორტო] გადასახადი არ მოიხსნება“, - ამის შესახებ BM.GE-სთან ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ პურის ქარხნები ფქვილზე დაწესებული საიმპორტო გადასახადის შემცირებას ითხოვენ. პურის მცხობელთა ასოციაციის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ფქვილის ღირებულება გაიზარდა, რომლის პირობებშიც პურის ფასის ღირებულების შენარჩუნება ბიზნესს უჭირს.

სილაგავას ცნობით, სექტორმა მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრა იმის შესახებ, რომ მეპურეების მოთხოვნილი გადასახადის მოხსნა არ შეიძლება. მისი თქმით, აღნიშნული გადასახადი თავის დროზე კონკურენციის პირობების დარღვევის გამო იყო მიღებული და ფასის სტაბილურობის გარდა, სასურსათო უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.

„შეხვედრაზე ანალიზი გავაკეთეთ და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დამაბალანსებელი გადასახადის მოხსნა არ შეიძლება, რომელსაც მეპურეები ითხოვენ. მივიღეთ სრული გარანტია, რომ გადასახადი არ მოიხსნება. იმიტომ, რომ ეს ვნებს მათ შორის სასურსათო უსაფრთხოებასაც. მივიღეთ დაპირება, რომ მარტის შემდეგაც გაგრძელდება გადასახადით მუშაობა.

ფასთან მიმართებაში, თუ როგორ იქნება, სავარაუდოდ ამაზე მუშაობა 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. გვექნება დამატებითი შეხვედრები“, - ამბობს სილაგავა.

"ქართული ოცნების" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის, პურის მრეწველთა კავშირის და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდა. სამინისტროს ცნობით, მინისტრმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, სექტორში არსებული ვითარების დეტალები განიხილა.

როგორც ცნობილია, მთავრობამ ბოლოს ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი დადგენილება 2024 წლის 27 აგვისტოს გამოიცა. საიმპორტო გადასახადი გახანგრძლივდა ქერსა და ქატოზეც. მთავრობის დადგენილებით, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ხორბლის ფქვილის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში გაფორმებისას, 1 ტონა ხორბლის ფქვილის იმპორტის გადასახადი ისევ 250 ლარია. რაც შეეხება ქერს და ქატოს, 200 კგ-ზე მეტი ოდენობის ქერის და ქატოს იმპორტისას 1 ტონაზე გადასახადი 100 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები