ყოფილი პოლიტიკოსი, დეველოპერული კომპანია IMG Development-ის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართავს, რომ ვეტო არ დაძლიონ და ქვეყანა ეგზისტენციალურ კატასტროფას გადაარჩინონ.
“მეგობრებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი ღრმა შეშფოთება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით! ხელისუფლებამ, საკუთარი ქცევითა და განცხადებებით, აბსოლუტურ ჩიხში შეიყვანა საკუთარი თავი, საიდანაც გამოსავალი აღარ ჩანს. მათ ერთი გზა დაიტოვეს - ქვეყნის მართვის სრულად რუსულ-ბელორუსულ მოდელზე გადასვლა, რაც ნიშნავს რომ არჩევნები იქნება აბსოლუტურად ფორმალური. ამისათვის, სავარაუდოა, რომ ისინი რეგისტრაციას გაუუქმებენ ყველა მეტ-ნაკლებად სერიოზულ ოპოზიციურ პარტიას თუ გაერთიანებას, ვინც შეიძლება რაიმე საფრთხე შეუქმნას "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე. მათ ეს უკვე მოსინჯეს "ალტ-ინფოს" მაგალითზე (გთხოვთ, „ალტ-ინფოს“ ადვოკატად ნუ ჩამთვლით).
მინდა ყველა კარგად დავფიქრდეთ, სად აღმოვჩნდით და რა გველოდება. დღეს დუმილი და პასიური დამკვირვებლის როლში ყოფნა, ჩვენი შვილების და შვილიშვილების ღალატის ტოლფასია. გთხოვთ, პირად შიშებს და ნაცების სიძულვილს (ლამის მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ნაცებთან და პირადად სააკაშვილთან ბრძოლას მოვახმარე) ნუ გადავაყოლებთ ქვეყნის მომავალს. ასე თუ გაგრძელდა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხვალ ჩვენი ახალგაზრდები აღმოჩდნენ რუსეთის არმიის რიგებში საზარბაზნე ხორცად განწირულები (როგორც ცხინვალიდან ოსი ახალგაზრდები გარეკეს რუსებმა უკრაინელებთან ომში). იცოდეთ, მერე ყველას მოგვეთხოვება ამაზე პასუხი. მივმართავ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - ვეტოს არ დაძლევით, თქვენ კიდევ გაქვთ შანსი ქვეყანა გადაარჩინოთ ამ ეგზისტენციალურ კატასტროფას!!!“, - აცხადებს დავით გამყრელიძე.