მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მივმართავ მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთისგან გადმოგდებულ ანკესს - ტრანსპორტის სპეციალისტი

610286e71b120
BM.GE
29.07.21 14:41
2822
რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყო. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ გააჟღერა. 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა. ავიაემბარგოს გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოდან რუსეთის დუმას დეპუტატი სერგეი გავრილოვი დელეგაციასთან ერთად დროზე ადრე გაუშვეს. ფრენების აღდგენაზე საუბარი ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, თუმცა მაშინ რუსეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა განცხადება, სადაც ფრენების აღდგენას გარკვეული პირობების სანაცვლოდ ითხოვდა და ერთ-ერთი პირობა ანტირუსული გამოვლინებების გავრცელების შეწყვეტა იყო.

ტრანსპორტის სპეციალისტი ვასილ ურუშაძე რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხზე პოსტს აქვეყნებს და მთავრობას მიმართავს, რუსეთისგან გადმოგდებულ ანკესს არ წამოეგოს.

"დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს არეგულირებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმება“, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ 2008 წელს საომარი მოქმედებებისას და უკვე მესამედ, 2019 წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.

რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია. რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.

აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ წამოეგოს რუსეთის მხრიდან გადმოგდებულ ანკესს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” შეთანხმება მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში. კერძოდ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ “EASA”-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით გაფორმდეს ახალი სამმხრივი შეთანხმება, რომელიც დაარეგულირებს რუსეთ-საქართველოს საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთობას, რითიც ეს ურთიერთობა საერთაშორისო სამართლებრივ ფორმატში მოექცევა.

საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ და მოლაპარაკებების გარეშე აღდგენა არ უნდა მოხდეს და აუცილებელია შეიქმნას მოლაპარაკებების სამმხრივი ფორმატი. მიგვაჩნია, რომ პროცესი საკუთარ თავზე უნდა აიღოს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ევროკავშირმა, კერძოდ ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ. აღნიშნულ ფორმატში გამართულ მოლაპარაკებებში უნდა მონაწილებდნენ- სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, ეროვნული ავიაკომპანიები და საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლები.

მოლაპარაკების პროცესი უპირობოდ ბრიუსელში უნდა წარიმართოს და ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს იურისტების ჩართულებით გაფორმდეს ახალი სამმხრივი ხელშეკრულება. მომავალში, აღნიშნული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესაძლებლობების თავიდან ასაცილებლად კი, დამრღვევ მხარეს დაეკისროს სანქციები და კერძო სექტორზე მიყენებული ფინანსური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რისი გარანტორიც უკვე იქნება ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო"-აცხადებს ვასილ ურუშაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები