„არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტით ვსაუბრობდეთ, რომ დაზარალდნენ ახალგაზრდები და არ ვსაუბრობდეთ ჩვენს პოლიციელებზე, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავენ“, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა „ტელეკომპანია იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, ქართველებს ერთმანეთთან საუბარი გაუჭირდებათ, თუ სიმართლეს არ აღიარებენ და მოვლენებს ობიექტურად არ შეაფასებენ.
„ქართველებს ძალიან გაგვიჭირდება ერთმანეთთან საუბარი, თუ არ ვაღიარებთ სიმართლეს და მოვლენებს ერთნაირად ობიექტურად არ შევაფასებთ. როგორ შეიძლება ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს მოსწონდეს ნაცემი ადამიანი, გალახული ადამიანი. ან პროცესებს, რასაც მთელი საქართველო თვალს ადევნებს. დაზარალებული პოლიციელი, რომელსაც მოლოტოვის კოქტეილების სროლის შემდეგ, ცეცხლწაკიდებულია და მეორე მხარეს, ჩვენი ახალგაზრდები, ასეთ მდგომარეობაში. ამიტომ, არ შეიძლება, ორმაგი სტანდარტით ვსაუბრობდეთ, რომ დაზარალდნენ ახალგაზრდები და არ ვსაუბრობდეთ ჩვენს პოლიციელებზე, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოს იცავენ.
თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავერთიანდეთ, თუ ჩვენ ორივეს გვიყვარს სამშობლო და ერთმანეთს ვეჯიბრებით პატრიოტიზმში, მაშინ შეფასებაშიც ერთნაირები უნდა ვიყოთ. არ უნდა იყოს მიკერძოება. ეს მარტივად შესაფასებელია ჩემთვის, მაგრამ აბა დავაკვირდეთ მოვლენებს და ამასაც გვერდს ვერ ავუვლით", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.
ის რადიკალური ფრთის პოლიტიკოსების შესახებ საუბრობს, რომლებიც არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდეგ პროცესების რადიკალიზაციისთვის და გადატრიალებაზე აქცენტის გაკეთებისთვის ემზადებობდნენ. ის დასძენს, რომ ეს წინასწარ გათვლილი თემა იყო.
"ჩვენდა სამწუხაროდ, ესეც გათვლილი თემა იყო, რომ ამ შეხლა-შემოხლას გაბრაზება უნდა მოჰყოლოდა. ის ნაწილი [ადამიანების], რომელიც ბუნებრივად იღებს, რომ არ მოსწონს ნაცემი ახალგაზრდა და გაბრაზებული გამოდის გარეთ, რა თქმა უნდა მე სოლიდარული ვარ მის მიმართ, მაგრამ ასევე მინდა ის სოლიდარული იყოს იმ პოლიციელის მიმართ“, - ამბობს ყაველაშვილი.
ყაველაშვილი ძალოვან სტრუქტურებს მადლობას უხდის რთულ პირობებში გაწეული შრომისთვის და დასძენს, რომ მათი მმართველობის პერიოდში, ფაქტი არ ყოფილა, რომ პოლიციას მშვიდობიანი აქცია დაეშალა ან ძალადობის აქტს ადგილი ჰქონოდეს.