მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიწის რა ფართობები ირწყვება საქართველოში საირიგაციო სისტემებით?

64857a8c5c614
ვიქტორია მღებრიშვილი
11.06.23 11:20
1079
სემეკის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორის ინფორმაციით, 2022 წლის მდგომარეობით ქვეყანაში სახელმწიფო კომპანია „საქართველოს მელიორაცია“ საირიგაციო სისტემებით 130 000 ჰა-ის მიწის მორწყვას უზრუნველყოფს, თუმცა ფერმერების მხრიდან მიწების დაუმუშავებლობის გამო მხოლოდ 75 000 ჰა ირწყვება. ამის შესახებ გიგა ნადირაძემ გადაცემა #რედაქტ2-ში ქვეყანაში საირიგაციო სისტემების მდგომარეობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. სემეკის მონაცემებით, დღეისთვის ქვეყანაში მორწყული მიწების დაფარვის არეალი 65%-ის ფარგლებშია. 

„2022 წლის მდგომარეობით სახელმწიფო კომპანია საქართველოს მელიორაციის მფლობელობაში არსებული საირიგაციო სისტემები დაახლოებით 130 000 ჰა-ის მორწყვას უზრუნველყოფს, თუმცა ამ ფართობიდან მიწები სრულად არ ირწყვება, არ მუშავდება ფერმერების მიერ, შესაბამისად ფაქტობრივი მდგომარეობით 75 000 ჰექტარია, რომელზეც კულტურები მოჰყავთ და კომპანიის მიერ ირწყვება“, - განაცხადა გიგა ნადირაძემ.

წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, საქართველოს მელიორაციის გეგმა 2025 წლამდე მორწყვადი მიწის ფართობების 200 000 ჰა-მდე გაზრდაა.

„კომპანიის ძირითადი ხედვა 2025 წლამდე 130 000 ჰა მიწის ფათობების, 200 000 ჰა-მდე გაზრდაა. საქართველოს მელიორაცია 140-მდე დამოუკიდებელი ირიგაციის სისტემას მართავს, რომელიც მასშტაბური ინფრასტრუქტურაა. მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო არის გამოწვევები და მიწოდების სერვისთან დაკავშირებით ცალკეული შეფერხებები, თუმცა ამის რეაბილიტაცია ხდება, საინვესტიციო პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს და მდგომარეობა უმჯობესდება.

უნდა აღინიშნოს, რომ მორწყვის და ირიგაციის სისტემების საჭიროება უფრო მეტად აღმოსავლეთ საქართველოშია, რადგან იქ გრუნტის წყლები და ტენიანობის მდგომარეობა დასავლეთ საქართველოსთან შედარებით უფრო მეტად გაუარესებულია, შესაბამისად მორწყვის საჭიროება კახეთის რეგიონში უფრო მეტად დგას. ამიტომ საინვესტიციო პროექტები დიდი ნაწილი ამ მხარესაა მიმართული“, - აღნიშნა გიგა ნადირაძემ და დასძინა, რომ 8 ივნისს სემეკის წარმომადგენლებმა კახეთში ახლადრეაბილიტირებული ირიგაციის სისტემები დაათვალიერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები