გამოცემა TGRT Haber თურქეთში გაზაფხულზე დაგეგმილი არჩევნების შესაძლო გადადებაზე წერს. კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე წლის მაისში ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები უნდა გაიმართოს, თუმცა ძლიერი მიწისძვრა, რომელსაც ათასობით ადამიანი უკვე ემსხვერპლა, არჩევნების ჩატარების პროცესს ართულებს.
გამოცემის თანახმადვე, მიწისძვრა და მისგან გამოწვეული შედეგები წინასაარჩევნო პროცესზეც ახდენს გავლენას. არჩევნების გადადებაზე ქვეყნის მმართველ „სამართლიანობისა და განვითარების პარტიას” ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა როგორც ცნობილია, ქვეყნის პრეზიდენტი ემხრობა არჩევნების მაისში გამართვას.
თავის მხრივ რეჯეპ ტაიპ ერდოღანისთვის, მისი მმართველობის ოცწლიან პერიოდში, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია.
ის მიწისძვრისგან დანგრეულ რეგიონებს ეწვია და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა. Bloomberg-ის შეფასებით, წელს დამანგრეველი მიწისძვრა სახელმწიფოს ხარჯებს მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებით 5.5%-ით გაზრდის. არჩევნებამდე მთავრობის მთავარი პრიორიტეტი მიწისძვრისგან დაზარალებული 13 მლნ ადამიანზე მეტისთვის დახმარების გაწევა უნდა იყოს. ერდოღანის მთავრობამ კრიზისის საპასუხოდ 5.3 მილიარდი დოლარის მობილიზება შეძლო.




























