"მიზანი არის პირუტყვების ჯოგის ყოლა განვითარებული ადამიანების საზოგადოების მაგივრად", - ასე ეხმაურება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგა ზედანია უმაღლესი განათლებაში "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ცვლილებებს.
"ამ ქვეყანაში 17-18 წლის ასაკში, თუ ახალგაზრდა რაღაც არაჩვეულებრივად, გამორჩეულად ნიჭიერი არ არის, მისი ინტელექტუალური მომზადების დონე ძირითადად ასახავს ოჯახის ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურულ დონეს.
საჯარო სკოლა მას უმეტესწილად ბევრი ვერაფრით ეხმარება, ხოლო კერძო სკოლა ისევ ოჯახის სტატუსის ანარეკლია. ზუსტად ამ ასაკის მერე ეძლევა მას საშუალება, როგორც ზრდასრულს, თავისი ძალებით, დამოუკიდებლად დააღწიოს თავი ამ შეზღუდულობას და მიაღწიოს უფრო მეტს. 99% ამას აღწევს უნივერსიტეტის გავლით.
ეს ახალი - ყველაზე ცუდი აზრით "ელიტისტური" - დეფორმა ზუსტად ასეთ ახალგაზრდებს ყოველგვარ შანსს ართმევს განვითარებაზე და წირავს მათ არაკვალიფიციური სამუშაოსთვის. თან ეს არ ეხება მხოლოდ დასაქმების შანსს - საქმე ეხება სამოქალაქო, კულტურულ, ადამიანურ განვითარებას, რომელთა გარეშეც არ არსებობს ცივილური საზოგადოება და ცივილური ადამიანი.
მიზანი არის პირუტყვების ჯოგის ყოლა განვითარებული ადამიანების საზოგადოების მაგივრად. ძალიან მეეჭვება, რომ ეს მიიღოს უკვე საკმარისად განვითარებულმა და ძალიან დიდი კულტურული ისტორიის მქონე საზოგადოებამ", - წერს ზედანია.
პარლამენტში „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ ინიციირებული ცვლილებების განხილვა დაიწყო. დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარეგისტრირდა.
დაჩქარებული წესით განსახილველი ცვლილებები დეპუტატებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ წარუდგინა. მისი განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების მიღების წესი ფუნდამენტურად შეიცვლება – აბიტურიენტებს ერთზე მეტი სასურველი ფაკულტეტისა ან უნივერსიტეტის არჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ.
„დღეს არსებული მოდელის მიხედვით, თქვენ იცით, რომ როდესაც სტუდენტი ხაზავს სასურველ ფაკულტეტებს, მას აქვს ვარიანტები, რომ რამდენიმე უნივერსიტეტი მოხაზოს და საბოლოო ჯამში, ის თუ ვერ მოხვდა თავისი ქულების მიხედვით პირველ უნივერსიტეტში, ან მეორეში მოხვდება, ან მესამეში, ან მეოთხეში და რეალურად ამით ხარისხი, მოგეხსენებათ, ვარდება.
ახალი მოდელის მიხედვით, ამის საშუალება არ იქნება, ანუ მთავარი ამოცანა იქნება, რომ მხოლოდ მაღალკვალიფიციური, მაღალი ქულების მქონე სტუდენტები მოხვდნენ, რადგან ჩვენთვის ფუნდამენტური ამოცანაა, რომ ხარისხი გავზარდოთ ამ მიმართულებით“, – განაცხადა ზვიად გაბისონიამ.




























