მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მიზანი უნდა იყოს ანაკლიის პროექტში ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების მოზიდვა“ – ზვიად ჭუმბურიძე

ჭუმბურიძე

„ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ის პროექტი, რომელიც დაწყებული იყო, ბოლომდე მისულიყო. დღეს დიდი ალბათობით უკვე გვექნებოდა პორტი“ – ამის შესახებ ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) თავმჯდომარემ ზვიად ჭუმბურიძემ „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თავდაპირველი პროექტის თანახმად, ანაკლიის ნავსადგურში პირველი გემი 2020 წელს, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, უნდა შემოსულიყო. როდის შემოვა პირველი გემი ანაკლიის პორტში ახალი პროექტის თანახმად? - ამ კითხვას 22 სექტემბერს გამართულ პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უპასუხა. მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი რთული პროექტია და ამ დრომდე, მისი განხორციელება ვერ მოხერხდა, საქართველო საკუთარ საზღვაო-სატრანსპორტო პოტენციალს ახლა ითვისებს, რასაც 2022 წელს მთლიან შიდა პროდუქტში ტრანსპორტისა და დასაწყობების წილის 6,5%-მდე ზრდა ადასტურებს. დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიანი პერსპექტივაა, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციაზეა დამოკიდებული.

“რა თქმა უნდა, ანაკლიის პორტი საჭიროა, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. მნიშვნელოვანია კოორდინაცია ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან. ფოთისა და ბათუმის პორტები ე.წ. შუა დერეფანს ემსახურებიან, რომელიც საქართველოს ევროპასთან და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან აკავშირებს, ამას უნდა ემსახურებოდეს ანაკლიის პორტიც. მნიშვნელოვანია, დერეფნის გამტარუნარიანობა და შესაძლებლობები გავითვალისწინოთ.

ვავითარებთ პორტს, ვავითარებთ პასუხისმგებლობით და ეს იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, იმ დროის, როდესაც საქართველოს შესაძლებლობები კიდევ უფრო განვითარდება და დერეფანში ტვირთი კიდევ უფრო მეტი გვექნება. რაც შეეხება უშუალო ვადებს, ჩვენ გათვალისწინებული გვაქვს, რომ მშენებლობის დაწყებიდან 3 წელი დასჭირდება პორტს, რომ პირველი ფაზა დასრულდეს. მშენებლის შერჩევიდან 9 თვის განმავლობაში, ყველა მოსამზადებელი სამუშაო დასრულდება და მშენებელი კომპანია იურიდიულად იქნება მზად, რომ სამუშაოები დაიწყოს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობისთვის წლევანდელი ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს გამოყოფს. დავითაშვილის განცხადებით, პროექტის პირველი ფაზის საინვესტიციო ღირებულება 589 მლნ დოლარია.

22 სექტემბერს, პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას დავითაშვილმა ასევე თქვა, რომ კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული ორი კომპანიიდან ერთი შვეიცარიულ-ლუქსემბურგული, მეორე კი ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია.

“ამ ეტაპზე კონკრეტული მოლოდინის თქმა შეუძლებელია თუ როგორი იქნება საარბიტრაჟო დავის შედეგები. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მთავრობას მყარი პოზიციები აქვს შესაბამისი არგუმენტებით და მტკიცებულებებით გამყარებული, იმისთვის, რომ არბიტრაჟი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდეს და ქვეყანას არ მოუწიოს განუხორციელებელი პროექტისთვის თანხის გადახდა. ეს არის ცალკე იურიდიული პროცესი, რომელიც გავლენას ვერ მოახდენს ვერც კომპანიების შერჩევის და ვერც განხორციელების პროცესზე. ეს არის საქართველოს სახელმწიფოსთან დავა და პროექტი ყველა შემთხვევაში განხორციელდება იმ მოცემულობით, რაც მთავრობამ განაცხადა", - განაცხადა დავითაშვილმა.

EUGBC-ის თავმჯდომარეს ზვიად ჭუმბურიძეს მიაჩნია, რომ სანამ საარბიტრაჟო სასამართლო დასკვნას არ გამოიტანს, ნებისმიერი რეპუტაციული ინვესტორი პროექტში ინვესტირებისგან თავს შეიკავებს.

„ნებისმიერ – ჩინელი იქნება ეს, სინგაპურელი, ბელგიელი თუ ფრანგი დიდ, სერიოზულ ინვესტორს ექნება ერთგვარი თავშეკავების მომენტი, რომ დასრულდეს სასამართლო და შემდგომში მიიღოს უკვე ამ პროცესში მონაწილეობა“ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში.

EUGBC-ის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დღეს ხელისუფლების, ბიზნესწრეების, ასოციაციების, არასამთავრობო სექტორის მთავარი ამოცანა ამ პროექტში სწორედ ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების მოზიდვა უნდა იყოს.

„ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ – ამბობს ზვიად ჭუმბურიძე „ანალიტიკა“–სთან – გეოპოლიტიკური სურათი იცვლება. შავი ზღვა NATO-ს ინტერესის სფეროა. ამ სივრცეში NATO-ს წევრის სამი ქვეყანა და ევროკავშირის წევრი ორი ქვეყანაა. ეს ევროპული, ევროატლანტიკური სივრცეა. აქ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და ანაკლიის პორტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება“.

მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებს ინვესტორს, რომელიც ასობით მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდებას თავად განახორციელებს და პორტში მხოლოდ 49%-იან მფლობელობას დასჯერდება. ამასთან, მთავრობა აცხადებს, რომ ის კერძო ინვესტორის კრედიტების გარანტირებას არ აპირებს. ამის პარალელურად, გრძელდება ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცესი სახელმწიფოს წინააღმდეგ ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი ინვესტორის მხრიდან. ამ დავების ფარგლებში მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები