მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მიზანია, ობლიგაციები მიმზიდველი გავხადოთ საცალო სეგმენტისთვის და ინდივიდუალური პირებისთვის - რატი მორჩილაძე

რატი მორჩილაძე

სამომავლო მიზანია, ობლიგაციები უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ საცალო სეგმენტისთვის და ინდივიდუალური პირებისთვის - ამის შესახებ “ფორსაითის” წარმომადგენელი რატი მორჩილაძე საუბრობს.

„ფორსაითის“ მხარდაჭერით, „რიკო ექსპრესმა“ 200 მლნ ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. “რიკო ექსპრესის” ემისია პირველია, რომელიც კომერციული ბანკებისგან დამოუკიდებელი საფინანსო ინსტიტუტის მიერ მოხდა. ის განხორციელდა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის“ და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

“ეს პრეცედენტი ამტკიცებს, რომ უკვე მოვიდა დრო, როდესაც არასაბანკო დამოუკიდებელ ფინანსურ ინსტიტუტებს შეუძლიათ თავიანთი წვლილი შეიტანონ ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ჩვენი მოლოდინია, რომ ამ ემისიის შემდეგ უამრავი სხვა ემიტენტი დაინტერესდება „ფორსაით ბროკერსის“ საქმიანობით. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც არასაბანკო დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა განახორციელა ამხელა ემისია ბაზარზე და ამის საჭიროება და მოთხოვნა ნამდვილად არის. მე უამრავ ემიტენტთან მისაუბრია აქამდე და ვიცი, რომ ისინი ეძებენ ალტერნატიულ შუამავალს, ალტერნატიულ მომსახურე საინვესტიციო ბანკს, რომელიც მათ ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში დაეხმარება”, - ამბობს რატი მორჩილაძე.

მისივე თქმით, “რიკო ექსპრესის” ობლიგაციაზე საპროცენტო განაკვეთი - TIBR + 3% დღევანდელ საბაზრო პირობებში, ლარში დენომინირებული ობლიგაციებისთვის “ნორმალური ფასია”.

“ამ ეტაპზე, მყიდველები ძირითადად, ისევ და ისევ, კომერციული ბანკები არიან და ასევე, როგორც ვიცით, ზოგადად, ქვეყანაში გაჩნდა საპენსიო ფონდი, რომელიც ასევე, აქტიურად მუშაობს ზოგადად, ობლიგაციების ბაზარზე. ჩვენი მიზანი სამომავლოდ არის, რომ ეს ობლიგაციები უფრო მეტად მიმზიდველი გავხადოთ რითეილ - საცალო სეგმენტისთვის, ინდივიდუალური პირებისთვის და ამას რომ მივაღწიოთ, საჭიროა, რომ განაკვეთის მხრივ უფრო მეტად მიმზიდველი იყოს ემისია. ამაში შეიძლება „აწარმოე საქართველოც“ იყოს ჩართული და ვფიქრობ, რომ შემდეგი წლების განმავლობაში ლარში დენომინირებული ობლიგაციები კიდევ უფრო მეტად საინტერესო გახდება როგორც ინსტიტუტებისთვის, ისე ინდივიდუალური პირებისთვის", - განმარტავს “ფორსაითის” წარმომადგენელი.

"ფორსაითის“ ჯგუფი აერთიანებს ლიცენზირებულ საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსს", ასევე, ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანია „ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“. „ფორსაითი“ კლიენტებს სთავაზობს როგორც საინვესტიციო პროდუქტებს, ასევე, ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ მომსახურებას. ამასთან, „ფორსაითი“ პირველი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც მართავს საქართველოში პირველ და ამ ეტაპზე, ერთადერთ საცალო (ავტორიზებულ) საინვესტიციო ფონდს „ფორსაითის ლარის ფონდს“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები