მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მჯერა, რომ მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია - ზახაროვა აზერბაიჯანზე

ზახაროვა

აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა კვლავ დაძაბული რჩება. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა პოლიციის რეიდებს მოჰყვა, რა დროსაც ორი ეთნიკურად აზერბაიჯანელი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ დაღუპულები რუსმა სამართალდაცავებმა წამებით მოკლეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანს შორის მეგობრული ურთიერთობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"მჯერა, რომ მეგობრული ურთიერთობა ორივე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვისაც სურს ამ ურთიერთობის დანგრევა უნდა დაფიქრდეს რას აკეთებს", - განაცხადა ზახაროვამ და დაამატა, რომ ამ კონფლიქტით ბევრს სურს "ხელის მოთბობა".

გუშინ, 1 ივლისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკიმ მწუხარება გამოთქვა რუსეთში აზერბაიჯანელების სასტიკი მეთოდებით დაკავებაზე, რა დროსაც ორი ძმა დაიღუპა.

რუსეთში ჩატარებული რეიდის საპასუხოდ 30 ივნისს, აზერბაიჯანის პოლიცია რუსულ სახელმწიფო სააგენტო Sputnik-ში შევიდა. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროში რეიდთან დაკავშირებით მხოლოდ ის თქვეს, რომ Sputnik-ი "არალეგალური დაფინანსების" პირობებში აგრძელებდა ოპერირებას, რადგან აზერბაიჯანმა სააგენტოს აკრედიტაცია 2025 წლის თებერვალში შეუჩერა. სამინისტრომ ოფიციალურად დაკავების შესახებაც გაავრცელა ცნობები, თუმცა არ დაუკონკრეტებია ვინ დააკავა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს RIA-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან Sputnik-ის აზერბაიჯანული ბიუროს მთავარი რედაქტორი ევგენი ბელოუსოვი და რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი. რუსეთის ხელისუფლებამ დაგმო მომხდარი და არამეგობრული უწოდა ბაქოს მხრიდან რუსი ჟურნალისტების დაკავებას. მედიაში გავრცელებული ცნობებით, ოპერაციის შედეგად ასევე დააკავეს ФСБ-ის "ორი აგენტი", რომლებიც როგორც ირწმუნებიან, Sputnik-ში მუშაობდნენ.

რუსმა სამართალდაცავებმა 27 ივნისს აზერბაიჯანის მოქალაქეების სახლებში რეიდები ჩაატარეს, რა დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე მძიმედ დაშავდა, 50 პირი კი დააკავეს. მომხდარის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული დაიბარეს და დამნაშავეების დასჯა მოსთხოვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში დაკავების ოპერაცია უკავშირდებოდა 2001, 2010 და 2011 წლებში ჩადენილი მკვლელობებს. თავის მხრივ აზერბაიჯანის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო "რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოების მიერ აზერბაიჯანის მოქალაქეებისა და ეთნიკური აზერბაიჯანელების წამებასა და განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობაზე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები