ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა.
„ძვირფასო კოლეგებო, ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირები, არამედ ასევე საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელი ხალხი მალე მიაღწევს მშვიდობას და ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ჩვენს სრულფასოვან გაწევრებას ევროკავშირში.
მანამდე კი ჩვენ ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში გავაგრძელებთ მხარდაჭერის გაწევას უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა პრემიერმა.
ასევე, მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს.
„ჯამში, საქართველო გახდა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებული თუ წამოყენებული 600-ზე მეტი რეზოლუციის, განცხადების, ერთობლივი განცხადების და სხვა ინიციატივის ინიციატორი, ხელმომწერი თუ მხარდამჭერი.
მართალია, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდგომ საქართველომ არ შემოიღო ეროვნული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთებს. საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს მჭიდრო კოორდინირებას ევროკავშირთან, დიდ ბრიტანეთთან, აშშ-სთან და სხვა სახელმწიფოებთან, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების გატარებას", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ გამოყო მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის და მხარს უჭერს საქართველოში ამჟამად მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს.
"2022 წლის შემდეგ უკრაინელებს, რომლებიც მიმდინარე ომის გამო შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მიეწოდებათ იმავე ოდენობის ფინანსური დახმარება, რაც დევნილებს რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან: აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების სისტემამ მიიღო 2,300-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლე, რომელთა უმრავლესობა ეუფლება საშუალო განათლებას უკრაინულ ენაზე, სტანდარტული უკრაინული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
გარდა ამისა, ვაცნობიერებთ რა, რომ ბავშვები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს ომის გამანადგურებელი შედეგების პირობებში, ზაფხულში ჩვენი ახალგაზრდული ბანაკები უმასპინძლებენ უკრაინელ ბავშვებს. კერძოდ, ხსენებულ ბანაკებში მონაწილეობას მიიღებენ ხარკოვსა და კიევში მცხოვრები უკრაინის შეიარაღებული ძალების და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილები. ეს ბავშვები უფლებამოსილი მეურვეების თანხლებით დაისვენებენ ჩვენს რეგიონებში, უსაფრთხო და მეგობრულ გარემოში“, - განაცხადა პრემიერმა.